ახალქალაქი-კარწახის სახელმწიფოთაშორისი გზა კვლავ სავალალო მდგომარეობაშია. ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც გზის 8+800 კმ-დან 16+000 კმ-მდე მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები დაიწყო, ხოლო 3 კმ-დან 7.8 კმ-მდე მონაკვეთი, ანუ ყოფილი სამხედრო დასახლებიდან (გოროდოკი) სოფელ ვაჩიანის დასაწყისამდე, კვლავ ავარიულ მდგომარეობაშია. ძნელი სათქმელია, როდის დაიწყება ამ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები.

Jnews-მა არაერთხელ ისაუბრა ახალქალაქი-კარწახის სახელმწიფოთაშორისი გზის სავალალო მდგომარეობაზე.

საქმე იმაშია, რომ ახალქალაქი-კარწახის გზის შეკეთება ორ ლოტად ხორციელდება, საქართველოს გზების ადმინისტრაციამ ორი ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. Tenders.ge-ს ვებგვერდის ცნობით, პირველი ტენდერი (მონაკვეთი კმ3-დან კმ7.8-მდე) კომპანია „ჯავახავტოგზამ“ მოიგო, ხოლო მეორე ტენდერი (მონაკვეთი კმ8+800 — კმ16+000) კომპანია „არალმა“ მოიგო.

ჯერ კიდევ მაისში, კომპანია „ჯავახავტოგზამ“ Jnews-ს აცნობა, რომ ახალქალაქი-კარწახის სახელმწიფოთაშორისი გზის კმ3-დან კმ7.8-მდე მონაკვეთის შეკეთება უახლოეს დღეებში დაიწყება. პროექტის ღირებულება 2,772,000 ლარია. დაახლოებით ორი თვე გავიდა, მაგრამ დღემდე არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა და არც მიმდინარეობს.

Jnews-მა კვლავ დაუკავშირდა კომპანია „ჯავახავტოგზას“, რათა გაერკვია, თუ რატომ არ დაიწყო გზის ამ მონაკვეთზე გზის შეკეთების სამუშაოები.

14 ივლისს კომპანიამ განაცხადა, რომ მათ ვერ მოიგეს მოცემული გზის მონაკვეთის შეკეთების ტენდერი.

„ჩვენმა კომპანიამ ვერ მოიგო ეს ტენდერი. შესაძლებელია, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოებს ჩვენ მოგვანდოს. დღეს უნდა გაირკვეს, ვინ შეასრულებს რეალურად სამუშაოებს. სამუშაოები ორ-სამ დღეში უნდა დაიწყოს“, – უპასუხა კომპანია „ჯავახავტოგზამ“.

ოფიციალური კონტრაქტის თანახმად, „ჯავახავტოგზა“ ტენდერის გამარჯვებულად იქნა აღიარებული და კონტრაქტი ამ კომპანიასთან გაფორმდა.

უკვე დღეს, 16 ივლისს, „ჯავახავტოგზამ“ Jnews-ს აცნობა, რომ მათ ელექტრონული ტენდერი მოიგეს და მალე დაიწყებენ მუშაობას.

გევორგ ჯანოიან