
ახალქალაქის #3 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ჟანა ხაჩატურიანი საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო მასწავლებლად აღიარეს და 2025 წლის ეროვნული მასწავლებლის ჯილდოს ფინალურ ათეულში მოხვდა.
კონკურსში მონაწილეობის გადაწყვეტილება მასწავლებლისთვის სპონტანური არ ყოფილა.
„გულწრფელად რომ ვთქვა, წელს მონაწილეობა არ მინდოდა, ეს დიდ ენერგიასა და ბრძოლას მოითხოვს, მაგრამ ქუთაისელმა ჩემმა კოლეგამ, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ნანა მარღანიამ შემთავაზა. უარი ვერ ვთქვი“, – ამბობს ჟანა.
კონკურსი მოიცავდა განაცხადის შევსებას, ვიდეოს გადაღებას და სამომავლო გეგმების ჟიურის წინაშე წარდგენას. სულ დაახლოებით 3000 განაცხადი შემოვიდა, საიდანაც 20 მასწავლებელი შეირჩა. ორი კვირის წინ მან გასაუბრებაში მიიღო მონაწილეობა, გუშინ კი საქართველოს 10 საუკეთესო მასწავლებლის სახელი უკვე გამოქვეყნდა Facebook გვერდზე და ჟანა ხაჩატურიანი მათ შორის იყო.
„თუ ვიტყვი, რომ საერთოდ არ ველოდი, რომ ჩემი სახელი სიაში მოხვდებოდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. როდესაც მონაწილეობ, რა თქმა უნდა, გაქვს მოლოდინი, რომ წარმატებას მიაღწევ, მაგრამ როდესაც ჩემი სახელი დავინახე, ძალიან საინტერესო გრძნობები დამეუფლა, ალბათ, ერთდროულად ყველა შესაძლო ემოცია განვიცადე, რადგან ეს ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო და სასიხარულო ამბავი იყო“, – ამბობს ჟანა ხაჩატურიანი.
მისი თქმით, კონკურსში სხვადასხვა საგნის მასწავლებლები იყვნენ ჩართულნი, რომლებიც სპეციალიზაციითა და თავდადებით გამოირჩეოდნენ.
„მინდა, ყველამ განიცადოს ასეთი გრძნობები და დაინახოს თავისი შრომის შედეგი“, – დაამატა მასწავლებელმა, რომელიც ათეულში მოხვდა.
ჟანა თავის წარმატებას არა მხოლოდ პირად ძალისხმევას, არამედ მის გარშემო მყოფებსაც მიაწერს. „მადლობელი ვარ ღმერთის, ჩემი ოჯახის, ჩემი კოლეგების, ჩემი თითოეული მოსწავლის და ყველას, ვინც ჩემს წარმატებაში წვლილი შეიტანა“.
მისთვის ეს ჯილდო არა მხოლოდ შეფასებაა, არამედ მომავლისკენ გადადგმული სავალდებულო ნაბიჯიც.
„ვგეგმავ, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, კიდევ უფრო მეტი მოტივაციით ვიმოძრაო წინ და შევასრულო ჩემი, როგორც მასწავლებლის, მოვალეობა ჩემი ქვეყნის, რეგიონის, სკოლისა და თაობების წინაშე. პროფესიის ყველა ადამიანს სჭირდება კარგი მასწავლებელი, რომელიც აყალიბებს ინდივიდს, ამზადებს მას ცხოვრებაში შესასვლელად და აძლევს ძალას ბრძოლისთვის“.