14 ივლისს თბილისის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. კორპუსს ფასადის ნაწილი თევდორე მღვდლის ქუჩაზე საღამოს 19 საათისთვის მოსწყდა. ნგრევის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაიცვალა ორი ადამიანი, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში ახლაც კლინიკაში იმყოფება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაშავებულთა ძებნა-შველის ოპერაცია 15 ივლისის 00:35 წუთზე დაასრულა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ნიშნავს და ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი, ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.

ჩამონგრეული შენობის ავარიულობის შესახებ მოქალაქეებმა ერთი წლით ადრე გაავრცელეს ვიდეო სოციალურ ქსელში:

თბილისის მერმა კახა კალაძემ მომხდარს უბედური შემთხვევა უწოდა. მან შემთხვევის ადგილზე მისვლისას თქვა, რომ კორპუსი იყო ავარიული მეხუთე კატეგორიის და რეაბილიტაციას არ ექვემდებარებოდა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა უარი თქვა მერიის შეთავაზებაზე მონაწილეობა მიეღოთ ე.წ. ჩანაცვლების პროგრამაში. ნაწილი კი დათანხმდა მერიის წინადადებას და ქირით გავიდნენ შენობიდან.

“გაკეთებული იყო შეთავაზება, რითაც ჩვენ უზრუნველვყოფდით აღნიშნული კორპუსის დემონტაჟს და ახალი კორპუსის სამშენებლო სამუშაობეს. იცით, რომ ასეთი პროგრამის განხორციელებას სჭირდება მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა მიღწეული”, – აღნიშნა კალაძემ.

თუმცა 15 ივლისს კახა კალაძემ განმარტა, რომ შენობა იყო მესამე კატეგორიის ავარიული და არა მეხუთე, როგორც ეს წინა დღეს განაცხადა.