14 ივლისს, მთელი საქართველოს მასშტაბით გამართული სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნები მოსწავლეთა მშობლების მხრიდან მკვეთრად დაბალი აქტივობით გამოირჩეოდა, რასაც ფაქტები მოწმობს.

სკოლების ნაწილში ორი სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნები ერთად იმართება – მიზეზი

განათლების სამინისტროს სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნების გამოცხადება დაავიწყდა და ივლისში ატარებს – მიიღებენ თუ არა პედაგოგები ზეგანაკვეთურ ანაზღაურებას?

მოპოვებული სტატისტიკისა და სამეურვეო საბჭოების არჩევნების პროცესზე, ასევე მის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით არსებულ კითხვის ნიშნებზე ინფორმაცია მოგვაწოდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებულმა ტრენერმა, საქართველოს სკოლის დირექტორთა ასოციაციის დამფუძნებელმა და საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანების (პროფკავშირის) დამფუძნებელმა გიორგი კაკაბაძემ, რომელიც თბილისის N24 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორია.

მას განათლების ახალი მინისტრის, გივი მიქანაძის იმედი აქვს, რომ ყველაფრის მოწესრიგება შესაძლებელია:

“როგორც მოგეხსენებათ, 14 ივლისს, არდადეგების და მასწავლებელთა შვებულებების პერიოდში გაიმართა საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოების არჩევნები. სამინისტრომ გამოაცხადა, რომ არჩევნებმა მშიდობიანად ჩაიარა. ეს არჩევნები წინა მინისტრის, მისი მოადგილე თამარ მახარაშვილის და ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ლალი კალანდაძის მიერ დაიგეგმა.

ჩემთვის, მიუხედავად დიდი ინტერსისა, არ არის ცნობილი აუნაზღაურდებათ თუ არა მასწავლებლებს, მათ შორის კომისიის წევრებს და სკოლის პერსონალს არჩევნების დღეები, როგორც სამუშაო დღეები. თუ აუნაზღარდებათ, რამდენად სამართლიანად. ან ვინ იღებს ამ საკითხზე პასუხისმგებლობას, რადგან ოფიცილურ ადმინისტრაციულ აქტებში ანაზღაურების შესახებ არაფერი იძებნება.

როგორც ჩანს, ამ საკითხის სამართლებრივი გამართულობა, რომელზეც გადაწყვეტილება ზემოთ აღნიშნულმა პირებმა მიიღეს, ისევ დირექტორების კისერზე დატოვეს. მათ კი შვებულება გაუყვეს მასწავლებლებს და ეს მითითება დიდი ალბათობით სამინისტროსგან სიტყვიერად მიიღეს.

საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 32. შვებულების მიცემის წესი – 5. თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებელს უფლება აქვს, დაადგინოს დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა.

შრომით ხელშეკრულებაში ვერ იქნებოდა დაფიქსირებული შვებულების ასეთი რიგითობით მიცემის წესი, რადგან მათი აბსოლტური უმრავლესობა (თუ ყველა არა) სასწავლო წლის დასაწყისშია გაფორმებული ანუ მაშინ, როცა მოვლენების ასეთ განვითარებას ვერავინ წარმოიდგენდა. ამდენად, დირექტორებს, წესით, არჩევნების გამოცხადების შემდეგ ანუ შვებულების წინა დღეებში უნდა დაედგინათ ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის ახალი რიგითობა. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა გამოცემულიყო ბრძანება და შესაბამისი წესით გაცნობოდა მასწავლებლებს და პერსონალს. ასეთ ბრძანებას გასაჩივრების ვადაც აქვს და იგი 30 დღეს შედგენს. გასაჩივრების ვადის გასვლამდე ასეთი ბრძანების საფუძველზე გატარებული ქმედებები უკანონოდ შეიძლება გამოცხადდეს ბრძანების გაუქმებასთან ერთად ან შეჩერდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაგრამ თუ ბრძანება არც კი გამოცემულა მაშინ, უკანონოა ყველა ქმედება, მათ შორის სკოლის მიერ გაწეული, დამატებითი ხარჯებიც, რომლებიც ადმინისტრაციული აქტის, ბრძანების გამოცემის გარეშე გატარდა წინა წლებისგან განსხვავებით.

მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამიტომ, მხოლოდ სიტყვიერად მიეცათ მითითება დირექტორებს და თუ ვინმე მოიკითხავს სკოლის ქმედებების კანონიერებას, სამინისტრო დამნაშავეებად მათ გამოაცხადებს. თუ ახალი მინისტრი, ბატონი გივი მიქანაძე ყურადღებით ჩახედავს ამ საქმეს მაშინ მალე, მინიმუმ ბოდიში უნდა მოვისმინოთ თ. მახარაშვილისა და ლ. კალანდაძისგან, რადგან დირექტორები არაფერ შუაში არიან არჩევნების ფორსმაჟორულ რეჟიმში ჩატარებასთან.

ახლა მოდით განვიხილოთ, როგორ იმოქმედა შვებულებისა და არდადეგების პერიოდში არჩევნების დაგეგმვამ.

ქ.თბილისის N169 საჯარო სკოლაში 1140 მოსწავლე ირიცხება. მშობელი კანდიდატისთვის ხმის მიცემის უფლება მოსწავლის ორივე მშობელს აქვს, პრინციპით ერთი მოსწავლე-ერთი ხმა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა მოსწავლეს შეიძლება არ ჰყავდეს ორივე მშობელი და ასეთი მოსწავლის სტატუსს 20%-ს ანუ ყოველ მეხუთე მოსწავლეს მივანიჭებთ, რაც რეალურს ალბათ 2-3-ჯერ აღემატება. მივიღებთ, რომ არჩევნებზე მოსვლა მინიმუმ 2000 მშობელს შეეძლო. სკოლის მიერ გამოქვეყნებული ოქმით კი 93 გამოცხადდა, რაც მშობლების რაოდენობის 3,5%.

ქ.თბილისის N24 საჯარო სკოლაში 1252 მოსწავლეა. შესაბამისად არჩევნებზე მოსვლა 2200 მშობელზე მეტს შეეძლო, მაგრამ მხოლოდ 77 მათგანი გამოცხადდა, რაც მშობლების რაოდენობის 3%-ზე ოდნავ მეტია. საინტერესო იქნებოდა ასეთი სტატისტიკის გაგება საზოგადოებისთვის, მაგრამ არჩევნების დამგეგმავები ამას არ დაუშვებენ. ასე, რომ ისევ ახალი მინისტრის, ბატონი გივი მიქანაძის იმედად ვართ.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს განათლების მუშაკთა გაერთიანებამ (სგმგ), რომელიც პროფკავშირულ ორგანიზაციას წარმოდგენს, მიწერა ბატონ მინისტრს იმის თაობაზე, რომ სკოლის სამეურვეო საბჭოებში მრავლად არიან წარმოდგენილნი საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) წევრები. ჩემი ინფორმაციით ქ.თბილისის N24 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოში ასეთი, 6 მასწავლებლიდან 5-ია, ხოლო საარჩევნო კომისიას ამ ორგანიზაციის ე.წ. რაიონული თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა. ამ ორგანიზაციის წესდებით, მათი ორგანიზაციის მთავარი ამოცანა მათი წევრების ინტერესების ლობირებაა და ამდენად, სკოლის უმაღლეს ორგანოში, რომლის დანიშნულებაც სკოლის ინტერესების წარმოდგენა, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების მთავარი პრინციპები ნეიტრალურობა და მიუკერძოვებლობაა, მათი წევრების ყოფნა ეწინააღმდეგება სამეურვეო საბჭოს დანიშნულებას.

სამეურვეო საბჭოების არჩევნებში მშობლების ჩართულობის ძალიან დაბალი ნიშნული უკვე პრობლემაა მისი, როგორც სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლობის, ლეგიტიმურობის აღიარებისა, მაგრამ სამეურვეო საბჭოში იმ ორგანიზიცაიის წევრების ყოფანა, რომელთა მთავარი, დეკლარირებული ამოცანა და მიზანი თავისი წევრების ინტერესების ლობირებაა საბოლოოდ უსვამს წერტილს ამ ორგანოს ლეგიტიმურობას, დანიშნულებას, მიზანს და არსს, წარმოადგენდეს სასკოლო საზოგადოების ინტერესებს.

ეს მდგომარეობა ხომ 3 წელი გაგრძელდება? ინტერესთა კონფლიქტი სახეზეა და სკოლები კონფლიქტებს ვერ აცდებიან. წინ კი სერიოზული რეფორმებია დაგეგმილი და სამინისტროს მიერ, ამჯერად, რეალისტურად დაგეგმილ გარდაქმნებს სკოლების შიგნით მიმდინარე კონფლიქტურმა სიტუაციებმა ხელი არ უნდა შეუშალონ. სიტუაცია სამართლებრივად უნდა მოგვარდეს და არა სატელეფონო მმართველობით. ასეთი მართვის მცდელობები უკვე ყველას ნანახი გვაქვს და შედეგებსაც კარგად ვიცნობთ. ვფიქრობ, სწორედ ამ შედეგების შესაცვლელად მოვიდა ბატონი გივი მიქანაძე ამ უაღრესად საპასუხისმგებლო პოსტზე. საზოგადოებაც, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე, დიდი ინტერესით და იმედით აკვირდება განათლების სისტემაში მიმდინარე გარდაქმნებს და მეც იმედი მაქვს, რომ წინა მინისტრებისგან განსხვავებით, ის სისტემას მალე მოაწესრიგებს”, – გვწერს გიორგი კაკაბაძე.

EDU.ARIS.GE კვლავაც ღიაა მოუსმინოს მასწავლებელთა (სკოლის მოსწავლეთა და მშობელთა) ინტერესების დამცველ ნებისმიერ მხარეს თუ პროფესიულ გაერთიანებას.