
2025 წლის ექვს თვეში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 3 654 063 მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2024 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით, თბილისის აეროპორტი ლიდერობს, რომელმაც იანვარ-ივნისში 2 358 937 მგზავრი გაატარა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 833 512 მგზავრს მოემსახურა, რაც 12%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით კი 450 330 მგზავრი იყო გადაყვანილი, რაც წლიურად 35%-იანი ზრდაა.
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით,იანვარ-ივნისის პერიოდში ქვეყნის საერთაშორისო აეროპორტებში ჯამური მგზავრთნაკადი და რეისების რაოდენობა 14 %-ით რაოდენობა 14 %-ით გაიზარდა.
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 17 ათასამდე საერთაშორისო და ადგილობრივი ავიარეისი შესრულდა. ნახევარი წლის განმავლობაში განხორციელებული რეგულარული რეისების რაოდენობამ 12 857 ავიარეისი შეადგინა, ხოლო ჩარტერული ფრენების რაოდენობამ 3 874-ს მიაღწია.
“2025 წლის პირველი ნახევარი საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო. ერთობლივი ძალისხმევით შევძელით პირველი 6 თვის პერიოდი რეკორდული რაოდენობის მგზავრთნაკადით დაგვესრულებინა. ჯამურად ყველა საერთაშორისო აეროპორტში სამ ნახევარ მილიონზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ, რაც წინა წელთან შედარებით 14 %-იან ზრდას წარმოადგენს.
ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა როგორც 6 თვის მონაცემებით, ისე ივნისის თვეში ცალკეულ აეროპორტებში. რაც ხაზს, უსვამს, ჩვენს სწორ საავიაციო პოლიტიკას და უწყებების კოორდინირებულ მუშაობას. რის ფონზე ქვეყანაში მხოლოდ 2025 წელს 5 ახალი ევროპული ავიაკომპანია შემოვიდა”, – განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, 2025 წლის იანვარ-ივნისში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 16 551 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 50%-ით გაიზარდა.
გაზრდილია საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებლები, კერძოდ, 2024 წლის პირველ 6 თვესთან შედარებით, საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდა 7%-ით. სულ, იანვარ-ივნისში 139 945 ერთეული გადაფრენა დაფიქსირდა.
2025 წლის იანვარ-ივნისში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე კვლავ Wizz Air-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 18%-იან წილს ფლობს და 642 956 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი.
საავიაციო ბაზრის ლიდერი კომპანიები არიან:
Wizz Air Hungary – 18% (642 956 მგზავრი);
Pegasus – 8% (284 984 მგზავრი);
Georgian Airways – 8% (272 568 მგზავრი);
Turkish Airlines – 7% (268 959 მგზავრი);
Azerbaijan Airlines – 6% (222 237 მგზავრი).