დედაქალაქის უნივერსიტეტებში ჩარიცხული, სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის თბილისში საცხოვრებლის პოვნა კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. ქირის საშუალო ფასების შემცირების მიუხედავად, ხელმისაწვდომი და კომფორტული საცხოვრებლის ნაკლებობა სტუდენტებს რთული არჩევანის წინაშე აყენებს, როგორც ფინანსური, ისე საცხოვრებელი პირობების თვალსაზრისით.
ყოველწლიურად, ახალი სასწავლო წლის დადგომამდე, მრავალი აბიტურიენტი, რომელიც თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში ირიცხება, იგივე გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება საცხოვრებლის მოძიების კუთხით.
TBC Capital-ის ბოლო კვლევის თანახმად, თბილისში ქირის საშუალო ფასი 11%-ით შემცირდა და კვადრატულ მეტრზე 10.4 დოლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მოთხოვნა იზრდება, განსაკუთრებით პატარა და ხელმისაწვდომ ბინებზე, რომლებიც სტუდენტებისთვის ყველაზე მიმზიდველია.
JNEWS-ის კვლევამ, რომელიც ეფუძნება binebi.ge, livo.ge, ss.ge და myhome.ge პლატფორმებს, აჩვენა, რომ სტუდენტები ძირითადად ერთ ან ორ ოთახიან ბინებს ეძებენ. მათი ფასები 900-დან 1300 ლარამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია უბანსა და ბინის ავეჯით აღჭურვილობაზე.
ერთ-ერთი სტუდენტის თქმით, „ჩვენი პრობლემა მხოლოდ მაღალი ფასები არ არის, არამედ ის, რომ კარგი და კომფორტული ბინების პოვნა რთულია. ბევრი მეუბნება, რომ სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი შეთავაზებები არ აქვთ“.
თბილისში უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა არ ნელდება, რაც გაყიდვების მაჩვენებლებშიც აისახება. 2025 წლის ივნისში 3 236 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 11%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. თუმცა, ეს ტენდენცია ცალსახად არ არის მომგებიანი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბინას ქირით ეძებენ, რადგან ბაზარზე ძირითადად მაღალფასიანი ბინები შემოდის.
900 დოლარზე ნაკლები ღირებულების კვადრატული მეტრის მქონე ბინების გაყიდვები 14 პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც ხელმისაწვდომი საცხოვრებლის ნაკლებობაზე მიუთითებს. მიმდინარე წლის ივნისში თბილისის რაიონებიდან გაყიდული ბინების რაოდენობით ლიდერობენ დიდი დიღომი და საბურთალო.
სტუდენტების მთავარ პრობლემად რჩება სტაბილური და პროგნოზირებადი ფასების მქონე საცხოვრებლის პოვნა. ბაზარზე არსებული ტენდენციები კი ამ გამოწვევას კიდევ უფრო აღრმავებს.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისში ქირის ფასების გარკვეული კლება დაფიქსირდა, სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი არჩევანის სპექტრი კვლავ ვიწროა. ბაზარზე კვლავ დომინირებენ მაღალშემოსავლიანი დამქირავებლები, როგორიცაა ტურისტები ან დასაქმებული ახალგაზრდები. ეს სტუდენტებს აიძულებს საერთო საცხოვრებლებში ცხოვრებას ან სხვა ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს მიმართონ.