მან ოქროს მედლით დაამთავრა სკოლა, ათობით ჯილდო აქვს სხვადასხვა შეჯიბრიდან, ერთდროულად სწავლობს იურიდიულ ფაკულტეტზე და ვარჯიშობს სამ სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებაში. თუმცა, მისი უდიდესი მიღწევა ბოლო პერიოდში შავი ქამარია – წლების განმავლობაში გაწეული ძალისხმევის, დაუღალავი ვარჯიშისა და ურყევი მიზანდასახულობის შედეგი. ეს არის კიმა ნორსოიანის წარმატების ისტორია.

კიმა ნორსოიანი ნინოწმინდიდანაა. მისი ცხოვრების ყოველი ეტაპი სავსეა მიღწევებით — როგორც საგანმანათლებლო, ისე სპორტულ და კულტურულ სფეროებში. სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა, სწავლობდა მუსიკალურ სკოლაში, ცეკვავდა სხვადასხვა ეროვნულ ცეკვებს, დღეს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს და აგრძელებს სპორტულ გზას სამი საბრძოლო ხელოვნებით.

ამ ამბავის მთავარი ნაწილი კი კიმას ახლახან მიღებული შავი ქამარია. კარატეთი მან 8 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში და მიმდინარე წლის ივნისში ერთ-ერთ უდიდეს მიღწევას – შავ ქამარს მიაღწია.

„შავი ქამრის მისაღებად ბოლო ერთი წელი ინტენსიურად ვვარჯიშობდი. ფიზიკური სირთულეების გარდა, ეს ფსიქოლოგიურადაც და ემოციურადაც რთული იყო, მაგრამ ამ გზაზე ყოველთვის გვერდით მედგნენ ჩემი ოჯახი, მეგობრები და, რა თქმა უნდა, მწვრთნელები“, – ამბობს კიმა.

kima 1

ის ვარჯიშობს არა მხოლოდ კარატეში, არამედ კრავ მაგასა და ტაეკვონდოშიც. მისი მიზანდასახულობა და დროის მართვის ზუსტი უნარები საშუალებას აძლევს, რომ სამი სხვადასხვა სპორტის სახეობა და საუნივერსიტეტო დატვირთვა შეათავსოს.

„რთულია განათლებისა და სამი სპორტის სახეობის შეთავსება. მაგრამ ვფიქრობ, თუ ეს გზა ავირჩიე, მაშინ ბოლომდე უნდა მივიყვანო“, — ამბობს კიმა.

მისი კარიერა ნინოწმინდაში დაიწყო, მაქსიმ არზუმანიანის ხელმძღვანელობით. შემდეგ ახალქალაქში, რაფაელ დარბინიანთან გააგრძელა, ახლა კი თბილისში, ბესო ხუციშვილთან ვარჯიშობს. კიმა საქართველოს სახელით მონაწილეობდა საერთაშორისო ტურნირებში — პოლონეთში, რუსეთში, სომხეთსა და სხვაგან — სადაც 50-ზე მეტი მედალი და დიპლომი მოიპოვა. ის საქართველოსა და მსოფლიოს სამმაგი ჩემპიონია.

kima 2

თუმცა, მისი გზა იოლი არ ყოფილა. ის ხშირად აწყდებოდა სტერეოტიპებს — როგორც სპორტსმენი ქალი, რომელიც საბრძოლო ხელოვნებაში იბრძვის.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ყოველთვის ვაწყდებოდი სხვადასხვა სტერეოტიპებს, მაგრამ ჩემთვის ისინი ბოლო ადგილზეა. დიდ და შესაძლებლობებით სავსე ქალაქში ვცხოვრობ, ვცდილობ, ეს შესაძლებლობები გამოვიყენო, რათა მომავალში, როდესაც ჯავახეთში დავბრუნდები, წვლილი შევიტანო სპორტის განვითარებაში“, – ამბობს კიმა.

კიმას მიზნები დღეს სცდება პირად წარმატებებს. ის უკვე საკუთარი რეგიონის ახალგაზრდებზე ფიქრობს.

„ყოველთვის ვფიქრობ იმაზე, რომ კიდევ უფრო მაღალ კვალიფიკაციას მივაღწიო. თუ ჩემს რეგიონში დავბრუნდები და წრეს გავხსნი, ეს აუცილებელი იქნება. ამ ეტაპზე სპორტის გარეშე ჩემი მომავალს არ წარმომიდგენია“.

კიმა ნორსოიანის ისტორია არა მხოლოდ ინდივიდუალური გამარჯვების, არამედ ყველა ახალგაზრდისთვის, განსაკუთრებით კი გოგონებისთვის, განკუთვნილი მოწოდებაა.

„ყველას მოვუწოდებ, მოუსმინონ თავიანთ გულს. თუ გრძნობენ, რომ რაღაც ახლოსაა მათ გულთან, უნდა იბრძოლონ ამისთვის. ყურადღება არ მიაქციონ სტერეოტიპებს, არამედ გაჰყვნენ ოცნებას. უნდა იარონ წინ უკანმოუხედავად.“

კიმა ნორსოიანისთვის შავი ქამარი უბრალოდ სპორტული საფეხური არ არის. ეს არის წლების შრომითა და რწმენის ძალით შექმნილი გზის სიმბოლო – გზა თვითრეალიზაციისა და იმ მომავლისკენ, სადაც ის ხედავს არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ მთელი საზოგადოების აღორძინებულ სპორტულ ცხოვრებას.