
საქართველოს მთავრობაში გენდერული კვოტების შემოღებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ქალი გამოჩნდა, თუმცა 2024 წლიდან სავალდებულო კვოტები გაუქმდა. ამასთან დაკავშირებით, ჩნდება კითხვა, უზრუნველყოფილი იქნება თუ არა ქალთა მონაწილეობა ახალქალაქის არჩევნებში, სადაც პოლიტიკა ტრადიციულად „ქალის საქმედ“ არ ითვლება. Jnews-მა ამ საკითხებზე ისაუბრა სედა მელკუმიანთან, რომელიც გენდერული კვოტების შემოღებამდე საკრებულოს წევრი გახდა.
2018 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალი პირველად აირჩიეს – მხოლოდ ორი. თუმცა, ესეც საკმარისი აღმოჩნდა ამ სტრუქტურაში სიტუაციის შესაცვლელად. ყველაფერი კიდევ უფრო შეიცვალა 2021 წელს, როდესაც გენდერული კვოტები შემოიღეს: მაშინ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი შვიდი ქალი გახდა. ორივე მოწვევის არჩევნებში ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან, სედა მელკუმიანი იყო. ის მუნიციპალიტეტში ხელისუფლებაში მოსულ ერთ-ერთი პირველი ქალი იყო.
„ჯავახეთში 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სულ 493 კანდიდატი მონაწილეობდა სიით, რომელთაგან 223 ქალი იყო. მაჟორიტარული სიით 53 კანდიდატი მონაწილეობდა, რომელთაგან მხოლოდ 7 იყო ქალი. ასევე, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მერის არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა, რომელთაგან ქლი მხოლოდ ერთი იყო.“
სედა მელკუმიანი ახალქალაქში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ქალად ითვლება. მისი კარიერა სკოლაში დაიწყო, სადაც დღემდე ასწავლის სამოქალაქო განათლებას. ის ასევე მუშაობდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და რამდენიმე წლის განმავლობაში წარმოადგენდა საქართველოს სახალხო დამცველს ახალქალაქში.
— იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლიდან გენდერული კვოტები გაუქმდა, რამდენად იმოქმედებს ეს ქალების პოლიტიკასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე?
— რაც შეეხება კვოტებს, მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: თუ ქალი აქტიურია, თუ თვლის, რომ შეუძლია გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა, მაშინ ის ბუნებრივად გააგრძელებს თავის საქმიანობას. ნებისმიერ ქვეყანაში კვოტები დროებითია — სანამ გარკვეული ტიპის აზროვნება არ შეიცვლება.
— მოხდა თუ არა ჩვენთან აზროვნების ეს ცვლილება?
— სულ მცირე, საკრებულოს ბოლო ორი მოწვევისას: 2017 წელს 2 ქალი იყო ჩართული, ხოლო 2021 წელს — უკვე 7. ვფიქრობ, საზოგადოებამ უკვე მიიღო ის ფაქტი, რომ ქალიც მნიშვნელოვანი მონაწილეა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
— ახალქალაქის საკრებულოს ერთ-ერთი პირველი ქალი დეპუტატი იყავით. როგორ შეიცვალა მას შემდეგ ადგილობრივი საკანონმდებლო თვითმმართველობის ორგანო?
— ვფიქრობ, ქალის მონაწილეობა ნებისმიერ ღონისძიებაში, შეკრებაზე და ა.შ. გარკვეულწილად ცვლის ატმოსფეროს: მონაწილეები, შესაძლოა, უფრო ყურადღებიანები ხდებიან. ბუნებრივია, როდესაც ქალი გამოთქვამს თავის აზრს, ეს ხშირად ხდება დაფიქრების მიზეზი. ყოველთვის როდია მიზანშეწონილი, რომ ქალებმა პირდაპირ მიმართონ მამაკაცებს თავიანთი პრობლემური საკითხებით. როგორც ჩანს, ცვლილებები აშკარაა და პოზიტიური მიმართულებით მიდის — ნებისმიერ სფეროში.
— ქალთა აზრი გათვალისწინებულია?
— ახლა, კი. მას შემდეგ, რაც საკრებულოში ვარ, ქალთა აზრი გათვალისწინებულია. მაგრამ ადრე ქალები უბრალოდ არ იყვნენ — არავინ უსმენდა მათ. ქალთა წარმომადგენლობა ნულის ტოლი იყო.
— ახალქალაქის საკრებულოში ქალები ძირითადად მმართველ პარტიას წარმოადგენენ. მისგან განსხვავებით, ოპოზიციას საკრებულოში ქალები არ ჰყავდა. ფიქრობთ, რომ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს?
— ვერ გეტყვით. პროგნოზებს არ ვაკეთებ.