
საქართველოში მოქმედი „1+4“ პროგრამა, რომელიც წლების განმავლობაში ეთნიკურ უმცირესობებს საშუალებას აძლევდა, მშობლიურ ენაზე გამოცდების ჩაბარებით ჩასულიყვნენ უნივერსიტეტებში, ამჟამად დახურვის საფრთხის წინაშე დგას.
პროგრამის შესაძლო გაუქმების შესახებ გავრცელებულმა ინფორმაციამ აბიტურიენტებში გაურკვევლობა და იმედგაცრუება გამოიწვია. Jnews- მა ესაუბრა წლევანდელ აბიტურიენტებს, რომლებიც 9 ივლისს აპირებენ მისაღებ გამოცდებზე გასვლას. მათ გაგვიზიარეს საკუთარი მოლოდინები, შეშფოთება და მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ამ პროგრამის გარეშე, მათთვის საქართველოში უმაღლესი განათლების მიღება თითქმის შეუძლებელი იქნებოდა.
გთავაზობთ რამდენიმე აბიტურიენტის მოსაზრებას:
„ეს ჩვენი შესაძლებლობაა, დავრჩეთ საქართველოში და აქ მივიღოთ განათლება“
17 წლის ლუსინე სლდოიანი, სოფელ განძიდან, სკოლა დაამთავრა და დიდი სურვილი აქვს, სწავლა სწორედ საქართველოში გააგრძელოს. მისი ოცნებაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს. აბიტურიენტი დარწმუნებულია, რომ „1+4“ პროგრამა არის ხიდი, რომელიც მას და მისნაირ ბევრს სკოლიდან უნივერსიტეტამდე გზას უკაფავს.
„მე დავდიოდი ინდივიდუალურ მეცადინეობებზე და მზად ვარ გამოცდისთვის. „1+4“ ძალიან კარგი პროგრამაა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის, რადგან ის საშუალებას აძლევს გამოცდა მშობლიურ ენაზე ჩააბარონ. ამ პროგრამა რომ არ იყოს, გამიჭირდებოდა გამოცდის ჩაბარება, რადგან კარგად არ ვფლობ ქართულ ენას“, – ამბობს ლუსინე.
მისი თქმით, თუ პროგრამა გაუქმდება, საქართველოში მცხოვრებ ბევრ ახალგაზრდა სომეხს უბრალოდ არ ექნება ალტერნატივა.
„სკოლებში ქართული ენის დონე ჯერ კიდევ არ არის მაღალი. თუ პროგრამა გაუქმდება, დარწმუნებული ვარ, სომხების 99 პროცენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში წავა. საქართველო კი დაკარგავს თავისი მომავალი მოქალაქეების ნაწილს.“
„თუ პროგრამა არ იქნება, სპეციალისტების რაოდენობაც შემცირდება“
წალკის რაიონის სოფელ ბურნაშეთიდან ელზა ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლაზე ოცნებობს. მისი თქმით, „1+4“ პროგრამა უნიკალური შესაძლებლობაა, რომელიც მათ, საქართველოში დაბადებულებსა და გაზრდილებს, სამშობლოში განათლების მიღების საშუალებას აძლევს.
„პროგრამა შესანიშნავი შესაძლებლობაა საქართველოში სასწავლებლად. მართალია, ყველაფერი აბიტურიენტის ძალისხმევაზეა დამოკიდებული, მაგრამ „1+4“ მთავარ შანსს იძლევა – დაიწყო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროგრამა შესაძლოა დაიხუროს, მტკივნეულია. აბიტურიენტების რაოდენობა შემცირდება და ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში, შედარებით ნაკლები სპეციალისტი გვეყოლება.“
„რამდენიმე წელიწადში შესაძლოა არც ერთმა სომეხმა ან აზერბაიჯანელმა არ მოისურვოს აქ სწავლა“
ნინოწმინდის რაიონის სოფელ ღულალისიდან ჰასმიკი გამოცდებისთვის თებერვლიდან ემზადება. მისი სურვილია, თბილისში მოქმედ ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს, რათა მომავალში საქართველოში იცხოვროს და იმუშაოს.
„1+4“ პროგრამა დიდ შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს – როგორც სომხებს, ისე აზერბაიჯანელებს. ისინი, ვინც ცუდად ფლობენ ქართულ ენას, ან საერთოდ არ ფლობენ მას, ამ პროგრამის გარეშე ვერ შეძლებენ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებას. მისი უცებ გაუქმება გამოიწვევს იმას, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში არც ერთ სომეხ ან აზერბაიჯანელ აბიტურიენტს არ ექნება სურვილი საქართველოში ისწავლოს. ისინი უბრალოდ არ არიან მზად ასეთი ცვლილებისთვის.“
მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ წყაროებს ჯერ არ დაუდასტურებიათ პროგრამის დახურვის შესახებ გავრცელებული ჭორები უკვე აპლიკანტების ნდობას არღვევს. „1+4“ პროგრამა, რომელმაც მრავალი ახალგაზრდა უმაღლესი განათლების მიღებაში მიიყვანა მშობლიურ ენაზე გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობით, საქართველოში მცხოვრები უმცირესობებისთვის საგანმანათლებლო თანასწორობის სიმბოლოდ იქცა.
პროგრამის შეწყვეტა არა მხოლოდ შეზღუდავს ეთნიკური უმცირესობების წვდომას უმაღლეს განათლებაზე, არამედ შესაძლოა გააღრმაოს მათი საზოგადოებრივი იზოლაცია, რაც შეასუსტებს ინტეგრაციის პროცესს. როდესაც განათლების კარი იხურება, მომავლის კარიც იხურება.
აღსანიშნავია, რომ „1+4“ საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში 2010-2011 სასწავლო წელს დაინერგა სპეციალურად ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის.
„1+4“ პროგრამის ფარგლებში, პირველ წელს სტუდენტები ინტენსიურად სწავლობენ ქართულ ენას. სასწავლო წლის ბოლოს, 60 კრედიტის დაგროვების შემთხვევაში (რაც კურსის წარმატებით დასრულებას ნიშნავს), სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გააგრძელონ სწავლა მათ მიერ არჩეულ ფაკულტეტზე ყოველგვარი გამოცდის ჩაბარების გარეშე.