„ლელო – ძლიერი საქართველო“ 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.

„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, რომ დანაშაულია, ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად იდენტიფიცირება. მისი თქმით, „4 ოქტომბერი არის დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ დე ფაქტო არჩევნებში ბრძოლა“.

„მრავალკვირიანი მოლაპარაკებების მცდელობების, კომუნიკაციისა და იმედის პირობებში, ჩვენ ეს გადაწყვეტილება გადავდეთ. „ძლიერ საქართველოს“ აქვს თავისი გზა და ამ გზიდან ვერავინ გადაგვიხვევს, მით უმეტეს ივანიშვილის სათამაშო პრეზიდენტი.ეს გზა უკომპრომისო ბრძოლაა ყველა შესაძლო სფეროში. დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო“ თავისი განცხადებით გამოდის, ოფიციალურად და მკაფიოდ აყალიბებს ბრძოლას საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ ვერთვებით ბრძოლაში რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ჩვენ ვირჩევთ ბრძოლას სხვა პლატფორმებზეც. დანაშაულია ამ არჩევნების ადგილობრივ არჩევნებად წარმოჩენა. ეს დე ფაქტო ბრძოლაა არჩევნებში. დე ფაქტო ხელისუფლების წინააღმდეგ ჩვენ საარჩევნო ბრძოლის დაწყება გამოვაცხადეთ, ბრძოლა გაგრძელდება ბოლომდე და გაგრძელდება გამარჯვებამდე,“ – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.“