14 და 15 ივლისს, 11:00 საათიდან ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში ჩატარდება მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევა, რომელიც მიზნად ისახავს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენას იმ ადამიანებში, რომლებსაც დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებათ. გამოკვლევები ჩატარდება მოსახლეობის კონკრეტული კატეგორიისთვის.

40-დან 70 წლამდე ქალებს შეუძლიათ მამოგრაფიისა და ექოსკოპიის გაკეთება.

მამოგრაფია არის სარძევე ჯირკვლების რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელიც გამოიყენება ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოსავლენად, მაშინ, როდესაც სიმსივნე ჯერ კიდევ არ არის ხელშესახები.

26-დან 60 წლამდე ქალებს საშვილოსნოს ყელის უფასო ონკოლოგიური სკრინინგის ჩატარება შეეძლებათ.

სასქესო ორგანოების ავთვისებიანი სიმსივნეების სკრინინგი მოიცავს სადიაგნოსტიკო პროცედურების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენას, რა დროსაც მკურნალობა ყველაზე ეფექტურია.

50-დან 70 წლამდე მამაკაცებს პროსტატის სკრინინგის ჩატარება შეეძლებათ.

პროსტატის სკრინინგი არის რეგულარული გამოკვლევა, რომელიც მიზნად ისახავს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენას, რა დროსაც მკურნალობა ყველაზე ეფექტურია.

50-დან 70 წლამდე ასაკის მამაკაცებს მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის ჩატარება შეეძლებათ

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კოლორექტალური კიბო, მიზნად ისახავს კიბოს ან კიბოსწინარე მდგომარეობების გამოვლენას სიმპტომების გამოვლენამდე. სკრინინგის მთავარი მიზანია სიმსივნეების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა, როდესაც მკურნალობა ყველაზე ეფექტურია.

ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას, ისარგებლონ უფასო გამოკვლევის ამ შესაძლებლობით, რადგან ავთვისებიანი წარმონაქმნების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა ზრდის მკურნალობის ეფექტურობას და სასიკვდილო დაავადების დაძლევის შანსებს.