ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროცესი ჯერ კიდევ არ მოიცავს ყველა დასახლებულ პუნქტს, რაც ასობით ოჯახს ურთულესი და ძვირადღირებული არჩევანის წინაშე აყენებს. მუნიციპალიტეტის სოფლები სულდა, დადეში და კარწახი დღემდე გაზიფიცირებული არ არის.

ზამთრის თვეებში, როდესაც გათბობა სასიცოცხლოდ აუცილებელია, გაზის არმქონე ოჯახები იძულებულნი არიან ელექტროენერგიაზე, შეშაზე ან ნაკელზე იყვნენ დამოკიდებული. ელექტროენერგიის მაღალი ფასები ბევრისთვის ფუფუნებად იქცა და შეშით გათბობა ძვირიც არის და ფიზიკურადაც დამღლელი, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის.

„წლები გადის, მაგრამ გაზის საკითხი არ გვარდება. ზამთარში რამდენიმე თვის განმავლობაში ან ვიყინებით, ან დიდ ფულს ვხარჯავთ სახლების გასათბობად“, – ამბობს სოფელ კარწახის მაცხოვრებელი.

გათბობის გარდა, გაზის არარსებობა პრობლემებს სამზარეულოშიც იწვევს. ბევრი იძულებულია საჭმლის მოსამზადებლად გაზის ბალონები გამოიყენოს, რაც ბუნებრივ აირზე გაცილებით ძვირია.

SJGC კომპანია ამჟამად მუშაობს – სულდას, დადეშისა და კარწახის გაზიფიცირების პროექტის დიზაინისა და შეფასების დოკუმენტაციაზე. კომპანიის დირექტორის, ვრეჟ ბერიკიანის განცხადებით, მუშაობა ჯერ მოსამზადებელ ეტაპზეა და პროექტების განხორციელების საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

„ჩვენ ვამზადებთ საპროექტო და წინასწარი გაანგარიშების დოკუმენტაციას სულდას, დადეშის და კარწახის დასახლებებისთვის. ამ ეტაპზე დანამდვილებით ვერ ვიტყვით, განხორციელდება თუ არა სამუშაოები. დრო გვიჩვენებს. თუ დოკუმენტები დროულად იქნება მზად და შესაბამის ნებართვებს მივიღებთ, სამუშაოები რეალობად იქცევა“, – აღნიშნა ბერიკიანმა.

წინასწარი გათვლებით, სულდას, დადეშის და კარწახის სოფლებში გაზიფიკაცია ერთ მომხმარებელზე დაახლოებით 2500 ლარი დაჯდება.

გევორგ ჯანოიან