2 ივლისს ახალქალაქში მძღოლები ტექნიკური ინსპექტირების არქონის გამო დაჯარიმდნენ.

დარღვევები დაფიქსირდა აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც მოქმედებაში დაბრუნდა ჭკვიანი კამერა.

ცნობილია, რომ ახალქალაქში რამდენიმე თვეა ტექნიკური ინსპექტირების კონტროლის სისტემა – ჭკვიანი კამერები – გათიშული იყო. ამ დროის განმავლობაში, იმ ავტომობილების მფლობელები, რომელთა ტექინსპექტირების ვადა გასული იყო, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე დაჯარიმების შიშის გარეშე გადაადგილდებოდნენ.

გუშინ კი სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა: მძღოლების თქმით, ჭკვიანმა კამერებმა აღმაშენებლისა და სარგსიანის ქუჩების კვეთაზე კვლავ დაიწყეს მუშაობა და ავტომატურად დააფიქსირეს ყველა მანქანა, რომელსაც ტექნიკური ინსპექტირება არ ჰქონდა გავლილი.

ბევრი მძღოლისთვის ეს მოულოდნელი აღმოჩნდა. მათ ტელეფონზე ჯარიმის შეტყობინება მიიღეს, რის შემდეგაც გაიგეს, რომ კამერები ისევ მოქმედებდნენ. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქში კამერები პერიოდულად ითიშება და შემდეგ კვლავ ერთვება, რის გამოც არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია, თუ როდის ფიქსირდება დარღვევები.

პარალელურად, Jnews ესაუბრა ერთ-ერთ დაჯარიმებულ მძღოლს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

„ჩემს მანქანას უკვე წელიწადზე მეტია ტექინსპექტირება არ გაუვლია. ბევრი ხარვეზი აქვს და მისი შეკეთება აზრს კარგავს — 1000 ლარს ხარჯავ, მეორე დღეს ისევ ფუჭდება, რადგან გზები ცუდ მდგომარეობაშია“, — განაცხადა მან.

მისი თქმით, როცა გაიგო, რომ კამერები გათიშული იყო, ჩვეულებრივად გადაადგილდებოდა ცენტრალურ ქუჩაზე. ახლა კი იძულებულია, გვერდითი გზებით იაროს, სადაც მოძრაობა გაცილებით რთულია.

„ადრე მეშინოდა, მაგრამ მაინც დავდიოდი ცენტრალურ ქუჩაზე, რადგან გზები უკეთესია. ახლა, როცა კამერა მუშაობს, ვეღარ გავდივარ. მაგალითად, საავადმყოფოში რომ მივიდე, მხოლოდ გვერდითი გზით შემიძლია წასვლა – ორმოებზე, სადაც მანქანები ძლივს გადიან. ეს კიდევ უფრო აზიანებს მანქანას.“

მისი თქმით, მანქანის შეკეთება საკუთარი უსაფრთხოებისთვისაც სურს, თუმცა იმ პირობებში, როცა გზები ასე დაზიანებულია, ამას პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს.

„მეც მინდა, მანქანა მწყობრში იყოს — ჩემი უსაფრთხოებისთვისაც უკეთესი იქნებოდა. მაგრამ რა აზრი აქვს, თუ ერთ კვირაში ისევ გაფუჭდება? უბრალოდ, ფული წყალში გადავარდება.“

დაჯარიმებული მძღოლის თქმით, მისი რამდენიმე ნაცნობიც იმავე დღეს დააჯარიმეს იმავე ქუჩაზე.

ახალქალაქის სხვადასხვა მისამართზე კამერები უკვე დამონტაჟებულია, თუმცა მათი მუშაობის სტატუსზე ოფიციალური ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ ტექნიკური ინსპექტირების გარეშე ავტომობილის მართვისთვის ფიზიკური პირი პირველად 50 ლარით ჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი — 200 ლარით.
დარღვევის განმეორების შემთხვევაში (30 დღის განმავლობაში), ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 150 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის — 300 ლარამდე იზრდება.
მესამე დარღვევა — ანუ კვლავაც ტექინსპექტირების გარეშე გადაადგილება მეორე ჯარიმიდან 30 დღის შემდეგ — უკვე 300 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს ფიზიკური პირისთვის და 500 ლარისას — იურიდიული პირისთვის.
თუ დარღვევა მესამედაც განმეორდება და ტექნიკური ინსპექტირება კვლავ არ არის გავლილი, ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე კი 700 ლარით დაჯარიმდება.

ფენია თოროსიან