
30 ივნისს, ახალქალაქის კულტურის სახლის დარბაზში გაიმართა „ახალქალაქის მურჯის“ ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლის მეცხრე კონცერტი.
„მურჯის“ ანსამბლს გიორგი მეტრეველი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად მარიამ მოგებაძე ასევე ასწავლის ქართულ ხალხურ ცეკვებს. ანსამბლში შედიან სხვადასხვა ეროვნების ბავშვები: ქართველები, სომხები, ბერძნები და ა.შ., რომლებიც ეცნობიან ქართულ კულტურას და სწავლობენ ხალხურ ცეკვებს. ამჯერად, საანგარიშო კონცერტზე, სამი ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებმა შეასრულეს 18 ქართული და ერთი სომხური ხალხური ცეკვა „წაღკეფუნჯ“, რომელიც სომეხმა ქორეოგრაფმა არტურ გრიგორიანმა დადგა.
უკვე მრავალი წელია, ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „მურჯი“ სასწავლო წელს დასკვნითი კონცერტით ასრულებს, რომელზეც შესვლა ყოველთვის უფასოა. ამჯერადაც დარბაზი თითქმის სავსე იყო მაყურებლით: იქ იმყოფებოდნენ ანსამბლის მოცეკვავეების მშობლები და ნათესავები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები საქართველოს სხვა რეგიონებიდან.
ანსამბლის სამივე ჯგუფს თავისი წარმოდგენები და ეროვნული კოსტიუმები აქვს. კოლექტივი ყოველწლიურად განახლდება: მოცეკვავეები ამთავრებენ სკოლებს და აგრძელებენ სწავლას საქართველოს უნივერსიტეტებში, მათ ადგილებს კი ახალი წევრები იკავებენ. ამ მხრივ, ძირითადი ჯგუფის მამაკაცურ როლებს უკვე გარკვეული პერიოდია გოგონები ასრულებენ, რომლებიც ანსამბლის უმრავლესობას შეადგენენ.
კონცერტის დროს ელექტროენერგიის მიწოდება რამდენჯერმე შეწყდა, თუმცა ამან მოცეკვავეები ვერ შეაჩერა- მათ თავიანთი წარმოდგენა მაყურებლის ტაშების ქვეშ დაასრულეს.