ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, ქვეითებისთვის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნების დარღვევის ჯარიმა კი გახუთმაგდება. ეს ცვლილებების ნაწილია, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანად არის ინიიცირებული.

ერთპარტიული პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმად, თვითნებურად გადაკეთებულად ჩაითვლება, მათ შორის ისეთი სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც გადაკეთებული ექნება სატრანსპორტო საშუალების მაყუჩი. ამასთან, იზრდება ფულადი სანქცია იმ სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული. კერძოდ, აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა. გარდა ამისა, დასახელებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პოლიციელი უფლებამოსილი იქნება მძღოლი ჩამოაშოროს სატრანსპორტო საშუალების მართვას და სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილი იქნება სპეციალურ დაცულ სადგომზე. ასევე, აკრძალული იქნება იმ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაცია, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული.

პროექტით კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევები. კერძოდ, პასუხისმგებლობა წესდება სატრანსპორტო საშუალებაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის შეცდომაში შეყვანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფერისგან განსხვავებული ნებისმიერი სხვა ფერის ციმციმა სიგნალის დაყენებისთვის. აღნიშნული ქმედება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაციასა და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის შემცირებას 15 ქულით. დასჯადი იქნება ქმედების განმეორებით ჩადენა, რისთვისაც სანქციის სახით განისაზღვრება ჯარიმა 2 500 ლარის ოდენობით, აგრეთვე ციმციმა სიგნალის კონფისკაცია და სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 20 ქულით შემცირება.

ცვლილების თანახმად, ე.წ. დრიფტისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა სახის სატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ბოლო პერიოდში გახშირებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა, განსაკუთრებით ქვეითად მოსიარულეთა, მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, კერძოდ, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა, რაც აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო სიტუაციების რისკს, რაც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. არსებული ფულადი სანქცია კი, ვერ ასრულებს სახდელის პრევენციულ ფუნქციას. სწორედ ამიტომ, პროექტით იზრდება ფულადი სანქცია საგზაო მოძრაობის მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის. აღნიშნული 10 ლარის ნაცვლად გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო 20 ლარიდან 100 ლარამდე იზრდება სანქცია წარმოდგენილი ქმედების განმეორებით ჩადენისთვის.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ბოლო პერიოდში გახშირებულია საგზაო მოძრაობის მონაწილეთა, განსაკუთრებით ქვეითად მოსიარულეთა, მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, კერძოდ, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობა. ქვეითად მოსიარულეთა ამგვარი ქცევა, აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო სიტუაციების რისკს, რაც საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. არსებული ფულადი სანქცია კი, ვერ ასრულებს სახდელის პრევენციულ ფუნქციას.

ამასთან, სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევები – ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება ავტომაგისტრალზე, საერთაშორისო ან შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზაზე, საგზაო მოძრაობის მონაწილის მიერ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა დარღვევისთვის ან/და საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი სიგნალისადმი დაუმორჩილებლობისთვის, აგრეთვე საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის მოთხოვნათა უგულებელყოფისთვის. აღნიშნული გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანას. მომხსენებლის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, თუ პირი წვრილმანი ხულიგნობისთვის, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, სახელმწიფო-პოლიტიკურ თუ პოლიტიკური თანამდებობის პირის ან საჯარო მოსამსახურის შეურაცხყოფისთვის, ასევე შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაკისრებულ ჯარიმას არ გადაიხდის, ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მის მიმართ ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა აღარ იქნება გამოყენებული, არამედ მას ადნისტრაციული პატიმრობა შეეფარდება, გარდა იმ ზოგადი გამონაკლისებისა, რაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითაა“ გათვალისწინებული გამომრიცხავი გარემოებების სახით პატიმრობის გამოყენების დროს.

მისივე თქმით, შემოდის პრინციპი, რომლის თანახმად, თუ სამართალდარღვევა სახდელის სახით ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას სხვა სახის სახდელთან ერთად და ამასთანავე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციაა, ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული დადგენილება ჯარიმის დაკისრების თაობაზე არ გასაჩივრდება ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და გასაჩივრდება უშუალოდ სასამართლოში. ასეთი დადგენილების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება ძალაში შევა დადგენილების გამოტანისთანავე, ხოლო დადგენილების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის აღსრულებას.

კანონპროექტი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

ცვლილებების ავტორები და ინიციატორი “ოცნების” შემდეგი დეპუტატები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.

წყარო bm.ge