30 ივნისიდან, რუსეთში უვიზოდ შესვლის უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები, ერთიან იდენტიფიკაციისა და ავთენტიფიკაციის სისტემაში უნდა დარეგისტრირდნენ. ინფორმაციას საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან არსებული რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.

თუმცა, გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პროცედურა ნებაყოფლობითია.

დიპლომატიური უწყების ვებსაიტზე მითითებულია, რომ საუბარია “ექსპერიმენტის მეორე ეტაპზე”, რომელიც 2026 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

„ექსპერიმენტის ფარგლებში, რუსეთში უვიზოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები ვალდებულნი იქნებიან, ჩასვლამდე, სულ მცირე, 72 საათით ადრე გაიარონ ციფრული რეგისტრაცია “Госуслуги RuID-ის” აპლიკაციაში. გადაუდებელ შემთხვევებში (მაგალითად, ახლო ნათესავის ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში), განაცხადის წარდგენა დაშვებულია უფრო მოკლე ვადაში – ჩასვლამდე ოთხი საათით ადრე“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, 30 ივნისიდან რუსეთის ყველა სასაზღვრო პუნქტში შეგროვდება ბიომეტრიული მონაცემები: ფოტოები და თითის ანაბეჭდები. მანამდე ამ საკითხის კომენტირებისას სოხუმსა და ცხინვალში განაცხადეს, რომ აპლიკაციის გამოყენება ნებაყოფლობითია.