ახალქალაქი-კარწახის სახელმწიფოთაშორისი გზის დაახლოებით 1,7 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც სოფელ კარწახიდან ახალქალაქამდე მიდის, ერთი თვის წინ ასფალტის საფარის დასაგებად დაანგრიეს, თუმცა დღემდე არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა. გზა ნანგრევებად რჩება და სახიფათოა როგორც მსუბუქი ავტომობილებისთვის, ასევე ფეხით მოსიარულეთათვის.

მოქალაქეები იხსენებენ, რომ უკვე გასული წლის შემოდგომაზე მსგავსი სარემონტო სამუშაოები დაიწყო იმავე მონაკვეთზე, თუმცა, მათი თქმით, ისინი დაუსრულებელი დარჩა, ხოლო სიტუაცია ერთი წლის შემდეგ მეორდება.

სოფელ კარწახის მაცხოვრებელი, არტურ აღაბაბიანი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სოფლის შიდა გზა ასფალტირებულია, გაუქმდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა – დრენაჟის სისტემის დამონტაჟება.

„უკვე ერთი წელია, წვიმის ყოველი დღე ჩვენთვის კატასტროფაა. ადრე, ყოველ შემთხვევაში, ძველი მილი მაინც იყო, წყალი გადიოდა. ახლა არაფერია. წყალი სადგომში ჩადის, მთელი ღამე წყალი გამომქონდა გარეთ. რამდენჯერმე გავაფრთხილე, მაგრამ არავინ მომისმინა. ვინც ამბობს, მას მომსმენი სჭირდება“, – წუხს ის.

karcax1

კარწახის კიდევ ერთი მცხოვრები, ჯივან აივაზიანი, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ბავშვები ფეხით დადიან სკოლაში, მაგრამ ჩვენს გზაზე ფეხით სასიარულო ადგილი არ არის. ეს დიდ საფრთხეს უქმნის ბავშვებს. ღმერთმა არ ქნას, რამე მოხდეს, ვინ აგებს პასუხს? ყოველ წელს აკეთებენ, მაგრამ შეიძლებოდა ცოტა უკეთ გაეკეთებინათ.“

მოქალაქეები ასევე აღნიშნავენ მტვრის პრობლემას. დაუმთავრებელი გზის მშენებლობის გამო, გზიდან ამოსული მტვერი სერიოზულ ზიანს აყენებს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ასევე სასოფლო-სამეურნეო კულტურებს.

„მანქანების გავლისას მტვერი მაღლა იწევს, მთელი სოფელი მტვერშია. ეს აზიანებს ჩვენს სუნთქვას, იწვევს პრობლემებს, ხოლო მინდვრებზე დალექილი მტვერი გავლენას ახდენს მოსავლის ხარისხზე“, — აღნიშნავს აივაზიანი.

აღსანიშნავია, რომ კარწახი-ახალქალაქის გზის კმ 8+800 – კმ 16+000 მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს კომპანია „არალი“, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდა 2025 წლის 16 მაისს. ეს კომპანია პროექტს განახორციელებს 7,278,560.00 ლარად.

Jnews-ი დაუკავშირდა კომპანია „არალის“ დირექტორის მოადგილეს, ეკა თათეშვილს, რათა გაერკვია ახალქალაქი-კარწახის საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

ეკა თათეშვილის განცხადებით, სამუშაოების დაწყება დამოკიდებულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გაცემულ წერილობით მითითებაზე, რომელიც უკვე მიღებულია.

„მითითების მიღებისთანავე ის გავუგზავნეთ სპეციალისტთა ჯგუფს მოსამზადებელი ეტაპის განსახორციელებლად. ადგილზე შესწავლილია გზის მდგომარეობა, შედგენილია ტექნიკური მონაცემები. უახლოეს დღეებში გადავა სამუშაო ჯგუფი და სამშენებლო ტექნიკა პირველი ეტაპის დასაწყებად“, — განაცხადა მან.

გევორგ ჯანოიან