
ახალქალაქის მესამე ქუჩის მაცხოვრებლებს არ აქვთ სასმელი წყალი და კანალიზაცია, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მიმართეს შესაბამის ორგანოებს, თუმცა უშედეგოდ. ამ საკითხთან დაკავშირებით Jnews-ის კითხვებზე პასუხად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ განაცხადა, რომ ახალქალაქში წელს კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაცია ან მშენებლობა არ იგეგმება.
დაახლოებით ერთი თვის წინ, Jnews ახალქალაქში, მე-5 სკოლის უკან მდებარე ქუჩაზე იმყოფებოდა და მესამე ქუჩის მაცხოვრებლებს ესაუბრა. მათი მთავარი პრეტენზია სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემის არარსებობაა.
მე-3 ქუჩის მაცხოვრებელი არაქსია შაჰინიანი, ამ პრობლემების მიუხედავად, ამ ქუჩაზე 28 წელია ცხოვრობს. მან აღნიშნა, რომ წყლის პრობლემა ზაფხულში უარესდება.
ასევე ამ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ სტატია- ახალქალაქის მესამე ქუჩაზე არც წყალია, არც კანალიზაცია და არც ნაგვის ურნები
ამ ქუჩის მაცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტს და წყალმომარაგების კომპანიას ზემოაღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა ჯერჯერობით არანაირი ცვლილება არ მომხდარა.
წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხების გასარკვევად, Jnews-ის რეპორტიორმა წერილი მისწერა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას. ჩვენ გვითხრეს, რომ 2022 წლის 25 ოქტომბერს კომპანიამ და შპს „მუნიციპალურმა პროექტმა“ ხელი მოაწერეს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას № №T-102501, რომლის თანახმადაც კომპანიამ შეიძინა „ახალქალაქის წყალმომარაგების სისტემის აღდგენის საპროექტო სამუშაოები“.
წყალმომარაგების პროექტი ითვალისწინებს ახალქალაქის ქალაქისა და სოფელ ხოსპიოს არსებული სათავე ნაგებობებისა და წყალმომარაგების ქსელის სრულ რეაბილიტაციას, შესაბამისი გადართვისა და მარეგულირებელი შეერთებებისა და გამრიცხველიანების კვანძების დამონტაჟებით. ასევე ითვალისწინებს მაგისტრალური მილების, რეზერვუარის, ქლორირების ნაგებობის, წყლის შემკრები, საკონტროლო, გამანაწილებელი და ნაკადის მრიცხველი კამერების, კომპანიის სერვის ცენტრისა და ავტომატური მართვის სისტემის დამონტაჟებას.
კომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვა და შესასრულებელი სამუშაოების სრული ღირებულების დაზუსტება, რის შემდეგაც კომპანია შესაბამისი ფინანსური რესურსების მოზიდვას დაიწყებს.
„რაც შეეხება ახალქალაქის ქალაქ კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას ან მშენებლობას, გაცნობებთ, რომ კომპანია ამ ეტაპზე ზემოაღნიშნული სამუშაოების განხორციელებას არ გეგმავს“, – ნათქვამია წერილში.
ფენია თოროსიან