
ქვეყანაში ახალი ჯარიმები შემოდის. საუბარია „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონზე, რომელსაც მთავრობა დაჩქარებული წესით ამკაცრებს. კერძოდ, უცხოელებს საქართველოში სამუშაოდ სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ, ხოლო დამსაქმებლებს მათი საჭიროების დასაბუთება მოუწევთ. ამას გულისხმობს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც პარლამენტმა უმოკლეს ვადაში, მესამე მოსმენით, 84 ხმით დაამტკიცა.
დადგენილების თანახმად, „უცხოელ მუშაკებს დასაქმების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ დადასტურდება, რომ ადგილობრივი პერსონალი არ არის შესაფერისი შესაბამისი თანამდებობებისთვის“.
როდის ამოქმედდება ქვეყანაში ახალი ჯარიმები და ვისზე გავრცელდება ისინი?
გარდა ამისა, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონის გამკაცრებასთან ერთად, კანონის შესაბამისი მოთხოვნების დარღვევისთვის ახალი ჯარიმებიც დგინდება. კერძოდ, შესაბამისი უფლებების გარეშე უცხოელის დასაქმების შემთხვევაში, როგორც დამსაქმებელი, ასევე დასაქმებული უცხოელი დაჯარიმდება 2000 ლარით, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გაორმაგდება. კერძოდ, ცვლილებების თანახმად, ნებართვის გარეშე უცხოელების დასაქმებისთვის ჯარიმები შემდეგი იქნება:
ადგილობრივი დამსაქმებლისთვის შრომითი იმიგრანტის შრომითი საქმიანობა ადგილობრივი დამსაქმებლისთვის მუშაობის უფლების გარეშე (თითოეული შრომითი იმიგრანტისთვის ცალ-ცალკე) – იწვევს 2000 ლარის ოდენობის ჯარიმას.
ადგილობრივი დამსაქმებლისთვის შრომითი იმიგრანტის შრომითი საქმიანობა შრომითი იმიგრანტისთვის მუშაობის უფლების გარეშე – იწვევს 2000 ლარის ოდენობის ჯარიმას.
დასაქმების უფლების გარეშე დაუსაქმებელი უცხოელის შრომითი საქმიანობა იწვევს დასაქმების უფლების არმქონე უცხოელისთვის 2000 ლარის ოდენობის ჯარიმის დაკისრებას.
როგორც ცნობილია, აღნიშნული ფულადი სანქციების ამოქმედების ბოლო ვადაა 2026 წლის 1 მარტი. გარდა ამისა, რეგისტრირებულმა შრომითმა იმიგრანტებმა, რომლებსაც ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტისთვის აქვთ აქტიური რეგისტრაციის სტატუსი, 2027 წლის 1 იანვრამდე უნდა მიიღონ შესაბამისი კატეგორიის სპეციალური სამუშაო ნებართვა და ბინადრობის ნებართვა.