
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 914 000 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან 2 078 000 (53%) ქალი იყო, ხოლო 1 836 000 (47%) მამაკაცი. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგებშია ნათქვამი.
მიღებული მონაცემების თანახმად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში 43 700 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 8 400 ქალაქში, ხოლო 35 300 სოფლებში. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მონაცემებით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 45 070 ადამიანს შეადგენდა, საიდანაც 8 295 ქალაქში, ხოლო 36 775 სოფლებში ცხოვრობდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისში (56%) და ქუთაისში (55%), მაშინ როცა უფრო დაბალია მცხეთის (49%), ხარაგაულისა (49%) და საგარეჯოს (49%) მუნიციპალიტეტებში.
საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით და მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული რეგიონების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის შესაბამისად, აღწერას დაექვემდებარა საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მუდმივად ცხოვრობს ქვეყანაში, ასევე ქვეყანაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.
2024 წლის 14 ნოემბრის აღწერის შედეგების მიხედვით:
ქალაქის მოსახლეობა- 2,423,000 ადამიანი (62%)
სოფლის მოსახლეობა- 1,491,000 ადამიანი (38%)