პოლიციის თანამშრომელთა საშუალო ხელფასი 375 ლარით გაიზრდება და 2027 წლისთვის 1810 ლარს მიაღწევს. ეს გათვალისწინებულია მთავრობის მიერ დამტკიცებულ „საქართველოს განვითარების სტრატეგია ხედვა 2030“ სამოქმედო გეგმაში 2025 წლისთვის.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2021 საბაზო წელს პოლიციელთა საშუალო ხელფასი 1435 ლარს შეადგენდა.

მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 1,685 ლარს შეადგენდა, 2027 წელს საშუალო ხელფასი 2021 წლის საბაზისო წელთან შედარებით 375 ლარით გაიზრდება და 1,810 ლარს მიაღწევს, ხოლო 2030 წლისთვის დაგეგმილია, რომ პოლიციელის საშუალო ხელფასი 625 ლარით გაიზრდება და 2,060 ლარს შეადგენს.

დოკუმენტის თანახმად, მთავრობა ასევე გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ და ინფრასტრუქტურულ განვითარებას. კერძოდ, ამ პროგრამის მიხედვით, 2023 წელს უწყებაში განახლდება 329 შენობა-ნაგებობა და აშენდება 147 ახალი შენობა.

ასევე, განახლდება სამინისტროს ავტოპარკი. პროგრამის თანახმად, 2023 წელს სამინისტროს ავტოპარკი 3000 ახალი სატრანსპორტო საშუალებით შეივსება.

დოკუმენტში ასევე განხილულია უწყებიდან კვალიფიციური კადრების გადინების მაჩვენებელი. 2021 საბაზო წელს ეს მაჩვენებელი 4% იყო. 2025 წლისთვის მისი 3.4%-მდე შემცირება იგეგმება, ხოლო 2030 წლისთვის, მთავრობის გეგმის მიხედვით, კადრების გადინების დონე 30%-ით უნდა შემცირდეს და 2.8% შეადგინოს.

მთავრობის დოკუმენტის თანახმად, გაიზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ყოველწლიურად მოსწავლე სტუდენტთა რაოდენობაც. 2030 წლისთვის მათი რაოდენობა 50%-ით, 4 552 სტუდენტამდე გაიზრდება.