
ახალქალაქის წყალმომარაგების სისტემა დიდი ხანია მოძველებულია, რის გამოც აბონენტები ზარალდებიან. წყლის სუსტი წნევა განსაკუთრებით შესამჩნევია მრავალსართულიანი შენობების ზედა სართულებზე. წყალმომარაგების პრობლემები ყველაზე მწვავედ ზამთარსა და ზაფხულშია. JNEWS-მა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისგან“ დაინტერესდა, იგეგმება თუ არა ახალქალაქის წყალმომარაგების სისტემის აღდგენა და რა ვადებში.
ქალაქის წყალმომარაგების სისტემა კრიტიკულ მდგომარეობაშია და სერიოზულ რეკონსტრუქციას საჭიროებს. ზაფხულსა და ზამთარში სახლებში, განსაკუთრებით კი მრავალსართულიან შენობებში, წყლის წნევა საგრძნობლად იკლებს, რის გამოც მოსახლეობა სრულფასოვნად ვერ იყენებს სასმელ წყალს. ზოგიერთი მრავალსართულიანი შენობის ზედა სართულებზე წყალი მთელი წლის განმავლობაში არ არის.
ყოველდღიური ჩვევებიც გავლენას ახდენს წნევის დაცემაზე. ზამთარში მაცხოვრებლები ონკანებს ღიას ტოვებენ, რათა მილები არ გაიყინოს, ზაფხულში კი წყალს ბაღების მოსარწყავად იყენებენ.
JNEWS რეგულარულად იღებს საჩივრებს მოსახლეობისგან წყალმომარაგების გაუმართაობასთან დაკავშირებით. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალქალაქის ფილიალის წარმომადგენლები, როგორც წესი, ჩვენს კითხვებს არ პასუხობენ, თუმცა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ სისტემის სრული აღდგენის შემდეგ მდგომარეობა შეიცვლება.
ჩვენ ოფიციალური წერილი გავუგზავნეთ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სათავო ოფისს, რათა გაგვეგო, თუ როდის დაიწყება სისტემის აღდგენითი სამუშაოები.
კომპანიის პასუხში აღნიშნულია, რომ აღდგენითი სამუშაოები დაგეგმილია. ამჟამად, მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტაციის გადახედვა და მომავალი სამუშაოების გეგმის დაზუსტება. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ კი ფინანსური რესურსების მოძიება დაიწყება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკური დოკუმენტაციის გადახედვა და მომავალი სამუშაოების სრული ღირებულების დაზუსტება, რის შემდეგაც კომპანია დაიწყებს შესაბამისი ფინანსური რესურსების მოძიებას. ახალქალაქის წყალმომარაგების სისტემის აღდგენითი სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადა 40-46 თვეა. პროექტი ითვალისწინებს ახალქალაქისა და სოფელ ხოსპიოში არსებული სათავე ნაგებობების და წყალმომარაგების ქსელის სრულ რეკონსტრუქციას, შესაბამისი ჩამკეტ-მარეგულირებელი არმატურისა და საზომი კვანძების დამონტაჟებით. ის ასევე მოიცავს მთავარი მილსადენების, წყალსაცავის, ქლორირებისა და წყალამღები სადგურების, მართვისა და გამანაწილებელი კამერების, ნაკადის გამზომი კამერების, კომპანიის სერვის ცენტრისა და ავტომატური მართვის სისტემის დამონტაჟებას.“
ახალქალაქი სასმელ წყალს „აბლარის“ წყალსაცავიდან იღებს.
ახალქალაქის მცხოვრებლები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება აღდგენის პროცესი და მათ ექნებათ სტაბილური და მაღალი ხარისხის წყალმომარაგება.