თანამედროვე სამყაროში ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ACTR-მა ჩაატარა კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს და აღიქვამს საქართველოს მოსახლეობა ამ ტექნოლოგიას.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში სოციალური მედიის მომხმარებელთა თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას (96%) ზოგადად სმენია ხელოვნური ინტელექტის შესახებ, ხოლო 81%-მა ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა სახელით ცნობს.
კვლევის შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ როგორც ხელოვნური ინტელექტის პლატფორმების შესახებ ცნობიერება, ასევე მათი გამოყენების აქტივობა ასაკთან ერთად მცირდება.
გამოკითხულთა 76% კვირაში ორჯერ ან მეტჯერ იყენებს ხელოვნური ინტელექტის პლატფორმებს, რაც მის ფართო და განმეორებით გამოყენებაზე მიუთითებს, ხოლო რაც შეეხება იმას, თუ რა ინფორმაციას ითხოვენ ქართველები ხელოვნური ინტელექტისგან, შემდეგია:
კვლევა აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება არა მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის, არამედ აქტიურად არის ინტეგრირებული საგანმანათლებლო და შემოქმედებით პროცესებში.
სოციალური მედიის ქართველ მომხმარებლებს შორის ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა თითქმის ნახევარი (45%) ენდობა ხელოვნურ ინტელექტს, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ შეინიშნება სკეპტიციზმი. გამოკითხულთა 30% სკეპტიკურად ან უნდობლად არის განწყობილი ხელოვნური ინტელექტის მიმართ. დაახლოებით მეოთხედს უჭირს პასუხის გაცემა ხელოვნური ინტელექტისადმი მათი დამოკიდებულების შესახებ.
თბილისში, ხელოვნური ინტელექტისადმი ნდობის საკითხზე მომხმარებელთა აზრი გაყოფილია: რესპონდენტთა 42% ენდობა ხელოვნურ ინტელექტს, ხოლო 40% სკეპტიკურადაა განწყობილი.
მიუხედავად გარკვეული სკეპტიციზმისა, საზოგადოებრივი განწყობა მთლიანობაში ოპტიმისტურია. გამოკითხულთა 56% მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი დადებითად შეცვლის საზოგადოების ცხოვრებას.
კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ინერგება საქართველოში. მაღალი ცნობიერება, აქტიური გამოყენება და დადებითი მოლოდინები მიუთითებს, რომ ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ ახალი ტექნოლოგია: ის უკვე ყოველდღიური გადაწყვეტილებებისა და გამოცდილების ნაწილი იქცა.
2025 წლის 22 აპრილიდან 13 მაისის ჩათვლით, საქართველოში ჩატარდა ონლაინ გამოკითხვა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო სოციალური ქსელის 637-მა მომხმარებელმა. მონაცემების სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4%-ს.
აღნიშნული გამოკითხვა განხორციელდა ACT Research (ACTR)-ის ინიციატივით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პროექტის — „ციფრული ტენდენციები“ — ფარგლებში.