
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს.
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მარიამ ქვრივიშვილი, მას იცნობთ ყველა, შესაბამისად, განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დღემდე იკავებდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს, როგორებიც არის ტურიზმი და ავიაცია. დღეს ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებული ვარ, მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას. მინდა, წარმატებები ვუსურვო მარიამ ქვრივიშვილს მინისტრის პოსტზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, 2019-2020 წლებში იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, 2021 წლის 24 მაისიდან კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
შეგახსენებთ, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობა დატოვა და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერის მთავარი მრჩევლის, აგრეთვე ეკონომიკური საბჭოს მდივნის პოსტს დაიკავებს. ლევან დავითაშვილს ეკონომიკის მინისტრის პოსტი 2022 წლის 9 თებერვლიდან ეკავა, 2021 წლის 12 ივლისიდან კი იყო საქართველოს ვიცე-პრემიერიც.