
საქართველოში სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმებამ სახალხო დამცველის ოფისის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. 2024 წლის ანგარიშში ომბუდსმენმა გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა და მიუთითა მის პოტენციურად უარყოფით შედეგებზე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების მონაწილეობისთვის.
საქართველოს სახალხო დამცველის 2024 წლის გამოქვეყნებულ და ყველასთვის ხელმისაწვდომ ანგარიშში სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმება უარყოფითად არის შეფასებული.ომბუდსმენი რეკომენდაციას უწევს ამ გადაწყვეტილების გადახედვას. ქალების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საანგარიშო წელს. არჩევნების წელს აქტუალური იყო ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის არსებული მდგომარეობა, რომელიც, გენდერული კვოტების გაუქმების გათვალისწინებით, ცალსახად უარყოფითად უნდა შეფასდეს.
საარჩევნო სიებში სავალდებულო გენდერული კვოტების დროებითი მექანიზმის გაუქმება გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე უკან გადადგმულ ნაბიჯად იქცა. სახალხო დამცველი აღნიშნულ პრობლემას საჯარო განცხადებით გამოეხმაურა და მიუთითა მსგავსი ზომების განხორციელების აუცილებლობაზე, რათა აღმოიფხვრას ის უხილავი ბარიერები, რომლებსაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან.
სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას, რადგან სავალდებულო გენდერული კვოტების მექანიზმი პოლიტიკაში რეალური გენდერული თანასწორობის მიღწევის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა. მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ოდირი/ეუთომ მოამზადა სამართლებრივი დასკვნა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელშიც უარყოფითი შეფასება მისცა მათ და მიიჩნია, რომ ისინი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც უკავშირდება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
დასკვნის თანახმად, საქართველოში გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ ცვლილებების დასაბუთება არ ეფუძნებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, მონაცემებსა და ფაქტებს, გენდერული კვოტების მექანიზმების ფუნქციონირების ან შესაძლო ალტერნატიული ეფექტიანი ზომების ღრმა ანალიზს.
სამინისტროები და ხელმძღვანელი თანამდებობები
ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მონაცემებით, ქალების რაოდენობა სამინისტროების თანამდებობებზე ასევე მცირეა და მხოლოდ 16,67%-ს შეადგენს. 2024 წლის მონაცემებით, აღმასრულებელ დონეზე დასაქმებული პროფესიონალი ქალი საჯარო მოხელეების საერთო რაოდენობა 76 კაცით აღემატება მამაკაცების რაოდენობას (56,4%), მიუხედავად ამისა, მმართველ პოზიციებზე დასაქმებული ქალების პროცენტული მაჩვენებელი შედარებით დაბალია (45,7%).
ქალების სიმცირესთან ერთად ხელმძღვანელ თანამდებობებზე, პრობლემური რჩება ქალების მონაწილეობა ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლების შესახებ ცნობიერების ნაკლებობასთან, ასევე ქალთა მონაწილეობის გაფართოების ინიციატივების ან პროგრამების არარსებობასთან.
მუნიციპალიტეტები
აღსანიშნავია, რომ სავალდებულო გენდერული კვოტის შემოღების შედეგად, 2021 წლიდან 2017 წელთან შედარებით, ქალთა წარმომადგენლობა მუნიციპალურ საკრებულოებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაიზარდა 11%-ით და 24,5%-ს მიაღწია.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2017 წელს თბილისის საკრებულოში 10 ქალი და 40 მამაკაცი აირჩიეს. საარჩევნო პერიოდში ქალაქის საკრებულოს 3 ქალი და 13 მამაკაცი წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყდა, ხოლო 3 ქალი და 8 მამაკაცი წევრი შეიცვალა.
2021 წელს დეპუტატებად 12 ქალი და 38 მამაკაცი აირჩიეს. საარჩევნო პერიოდში საკრებულოს 7 წევრის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეწყდა. 3 ქალი და 4 მამაკაცი დეპუტატი შეიცვალა.
თბილისის გარდა, ქალთა წარმომადგენლობა სხვა დიდ ქალაქებშიც გაიზარდა. თბილისში 2021 წელს ქალთა წარმომადგენლობა 2017 წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა (10-დან 12-მდე), ქუთაისში 140%-ით (5-დან 12-მდე), ბათუმში 233%-ით (3-დან 10-მდე), რუსთავში 450%-ით (2-დან 11-მდე). ზემოთ მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ რაოდენობის ზრდის მიუხედავად, ქალები კვლავ არასაკმარისად არიან წარმოდგენილნი წარმომადგენლობით ორგანოებში.
გენდერული კვოტის ეფექტი განსაკუთრებით შესამჩნევია ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, სადაც ქალები ან საერთოდ არ არიან წარმოდგენილნი, ან მცირე რაოდენობით.
მაგალითად, მარნეულის მუნიციპალიტეტში 2017 წელს არც ერთი ქალი დეპუტატი არ აურჩევიათ, მაგრამ 2021 წელს იმავე მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალთა წარმომადგენლობა 700%-ით გაიზარდა (აირჩიეს 7 ქალი დეპუტატი). ასევე, აბაშაში ქალთა წარმომადგენლობა 400%-ით გაიზარდა (1-დან 5-მდე), ხოლო ქედაში – 200%-ით (1-დან 3-მდე).
ასევე, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 2017 წელს მხოლოდ 2 ქალი დეპუტატი იყო არჩეული, დინამიკა შემდეგია:
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ქალთა წარმომადგენლობა გაიზარდა 50%-ით.
ახალქალაქში, ნინოწმინდასა და მესტიაში – 250%-ით.
რუსთავში – 450%-ით.
დედოფლისწყაროსა და ჩხოროწყუში – 150%-ით.
შუახევში – 50%-ით.
ხულოში – 100%-ით.
დმანისში – 200%-ით.
„ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი ქალი იქნება არჩეული მომავალ მუნიციპალურ არჩევნებზე. აშკარაა, რომ პოლიტიკაში მამაკაცები კვლავ ჭარბობენ, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ იმ რეგიონებში, სადაც ხელმძღვანელ პოზიციებზე ქალები მუშაობენ, ქალთა უფლებები მნიშვნელოვნად უკეთ არის დაცული. გარდა ამისა, ხელისუფლების ორგანოებში განხილულ საკითხებს მამაკაცები ხშირად ფორმალურად აღიქვამენ და მოგვარებულად მიიჩნევენ. ქალები კი, განსაკუთრებით ოჯახის, ყოველდღიური საჭიროებებისა და სოციალური პრობლემების საკითხების განხილვისას, ხშირად გვთავაზობენ უფრო ზუსტ და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს“, — განმარტეს საქართველოს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლებმა ახალქალაქში 12 ივნისს გამართულ შეხვედრაზე.
სახალხო დამცველის აპარატი თავის ანგარიშში ასევე რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სათანადო უზრუნველსაყოფად, გათვალისწინებულ იქნას ეუთო/ოდირის რეკომენდაციები სავალდებულო გენდერული კვოტის მექანიზმის ხელახლა შემოღების შესახებ, მათ შორის პოლიტიკური პარტიების ფინანსური სტიმულირების მექანიზმი.
შეგახსენებთ, რომ 2018 წელს პარლამენტმა უარყო კანონპროექტი გენდერული კვოტების შემოღების შესახებ. თუმცა, 2020 წელს მიღებულ იქნა ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც პარტიულ სიებში ქალებისთვის 25-პროცენტიანი კვოტა დადგინდა. 2023 წლის თებერვალში საქართველოს პარლამენტმა სავალდებულო გენდერული კვოტების მოქმედება 2032 წლამდე გაახანგრძლივა. თუმცა, 2024 წელს ეს ვალდებულება გაუქმდა, ახლა პარტიები თავად წყვეტენ, შეიყვანონ თუ არა ქალები სიებში, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე.