
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფარვანაზე კიდევ ერთი ახალი ჰიდროელექტროსადგური აშენდება, რომელსაც „ფარავან 1 ჰიდროელექტროსადგური“ დაერქმევა. ამის შესახებ ინფორმაცია გარემოსდაცვითი ინფორმაციის პორტალის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, „ფარავანი 1 ჰესის“ პროექტის განხორციელება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ჯიგრაშენისა და ღაურმას სოფლების მიმდებარე ტერიტორიებზეა დაგეგმილი. ჰესის ინფრასტრუქტურის ობიექტების განლაგება მდინარის გასწვრივ იგეგმება. მდინარე ფარავნის მარცხენა სანაპიროზე. ახალი ჰესის მშენებლობას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები 24 თვეში დასრულდება. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე დაახლოებით 40 ადამიანი იმუშავებს, ხოლო ექსპლუატაციის პერიოდში – 3.
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ გეგმავს მდინარე ფარვანაზე მდინარის ბუნებრივ დინებაზე მომუშავე 3.3 სიმძლავრის „ფარავანი 1“ ჰესის, 35 კვ შემკრები ქვესადგურის და დაახლოებით 1.5 კმ სიგრძის 35 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელებას.
„ფარავანი 1“ ჰიდროელექტროსადგურის (ჰესის) მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მიხედვით, დაგეგმილი ღონისძიებები მოიცავს მდინარის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის გამოყენებას ზღვის დონიდან 1 830.5 – 1 794.5 მეტრის სიმაღლეზე მდებარე მონაკვეთზე. ტერიტორია, სადაც ელექტროსადგური განთავსდება, წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ უბანს, სადაც მცენარეული საფარი არ არის. სამშენებლო ტერიტორია შეირჩა წყალდიდობის მინიმალური რისკის გათვალისწინებით. ჰესის სტრუქტურა ასევე მოიცავს რამდენიმე ქვესტრუქტურას. ძირითადი ობიექტების განთავსების ადგილებიც სახელმწიფო საკუთრებაა. მდინარის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ადგილობრივი მიწის გზა გამოყენებული იქნება ელექტროსადგურის ტერიტორიაზე შესასვლელად, საიდანაც იგეგმება ჰესის შენობაში შესასვლელად ახალი გზის გაყვანა.
უახლოესი დასახლება პროექტის შტაბ-ბინიდან, სოფელ ღაურმიდან, სულ მცირე 590 მეტრის დაშორებით მდებარეობს, ხოლო პროექტის ელექტროსადგურთან უახლოესი დასახლება – სოფელ ჯიგრაშენში, დაახლოებით 325 მეტრის დაშორებით მდებარეობს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციის პორტალის ოფიციალურ გვერდზე ასევე მითითებულია, რომ ჰიდროელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის სახელმწიფო ელექტროსისტემასთან დასაკავშირებლად, დაგეგმილია „ენერგო პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის „ხოსპიოს“ 35 კვ ქვესადგურის მიერთება. ამ ხაზის სიგრძე დაახლოებით 1,5 კმ იქნება.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უკვე მომზადებულია, რომლის საჯარო განხილვა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ჰეშტიასა და ჯიგრაშენში, ასევე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიაში გაიმართა.
სურათი აღებულია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ოფიციალური ვებგვერდიდან
კომპანიის წარმომადგენლებმა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გამართეს. კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე აღნიშნულია:
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ტექნიკური საკითხების დირექტორმა, შალვა კიკნაველიძემ, გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, საკონსულტაციო კომპანია „გამა კონსალტინგისა“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრები გამართა ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობასთან. შეხვედრების დროს ადგილობრივ მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ფარავან 1 ჰესის და ფარავან 2 ჰესის პროექტების შესახებ.
Jnews-მა უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად წერილი გაუგზავნა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“, თუმცა კომპანიისგან პასუხი ჯერ არ მიუღია. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, Jnews გამოაქვეყნებს მას.
ფენია თოროსიან