
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 9.3%-ით შემცირდა და 5 284გვტ. საათი შეადგინა, – ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.
პუბლიკაციის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, გამომუშავების შემცირების პარალელურად, გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამ შემთხვევაში ზრდამ 3.6% შეადგინა და 5 854 გვტ. საათს მიაღწია.
იანვარ-მაისში საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ერთი კილოვატსაათი ელექტროენერგიის ღირებულებამ 5.82 ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 4.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
„აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე წლის მაისიდან საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო და ჯამურად ექსპორტირებულია 201 გვტ. საათი ელექტროენერგია. ექსპორტი განხორციელდა თურქეთში (172 გვტ. საათი), სომხეთსა (15 გვტ. საათი) და აზერბაიჯანში (14 გვტ. საათი). ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 9.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა“, – აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვაში.