საქართველოს გარემოსდაცვითი კონტროლის დეპარტამენტის ცნობით, საქართველოში ერთ-ერთი მწარმოებლის მიერ წარმოებული 48 000 პლასტიკური პარკი დალუქეს, რადგან ისინი არ აკმაყოფილებდნენ დადგენილ სტანდარტებს და საფრთხეს წარმოადგენდნენ გარემოსთვის.

„თანამშრომლებმა დამრღვევის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს და 48 000 პარკი დალუქეს, რომლებშიც დაირღვა დეგრადირების (დაშლის) დონე“, – გვაცნობებს დეპარტამენტი.

პარტიიდან აღებული ნიმუშები შესამოწმებლად გაიგზავნა. ლაბორატორია დაადგენს ამ პარკების დაშლის ხარისხს და შეისწავლის მძიმე მეტალების შემცველობას. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მწარმოებელი დაჯარიმდება, ხოლო პროდუქტი ჩამოერთმევა.

საქართველოში პარკების მწარმოებლების ინსპექტირება რეგულარულად ტარდება 2019 წლიდან, მას შემდეგ, რაც ძალაში შევიდა საკანონმდებლო აკრძალვა პლასტიკური ჩანთების წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე.

ინსპექტირების მიზანია აკრძალული პროდუქციის საცალო ვაჭრობაში შეტანის პრევენცია და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურების შემცირება.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თხელი პლასტიკური პარკები და მათი ქვეყანაში იმპორტი 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა, ხოლო 2019 წლის 1 აპრილიდან მაღაზიებში პლასტიკური პარკების მიწოდება სრულიად აიკრძალა.

პლასტმასის პარკები გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და გლობალურ პრობლემად ითვლება. პოლიეთილენის დაშლის დრო ბუნებრივ გარემოში მინიმუმ 400 წელიწადს შეადგენს.