
ნინოწმინდის თავისუფლების ქუჩა და ბავრას სასაზღვრო გამშვები პუნქტისკენ მიმავალი გზა რთულ ტექნიკურ მდგომარეობაშია. ღრმა და გაუთავებელი ორმოები და დანგრეული ასფალტი ყოველდღიურად საფრთხეს უქმნის მგზავრებს.
ეს გზა უმნიშვნელოვანესია, რადგან ის არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ მოძრაობას ემსახურება, არამედ მნიშვნელოვან სატრანსპორტო მარშრუტსაც წარმოადგენს, რომელიც სომხეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფოთაშორის ტვირთების გადაზიდვას ემსახურება. თუმცა, გზის ცუდი მდგომარეობა სერიოზულ დაბრკოლებად იქცა.
ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა Jnews-თან საუბრისას აღნიშნა:
„ეს გზა უკვე ორი წელია ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა. რამდენიც არ უნდა მივმართოთ, რამდენიც არ უნდა ვიჩივლოთ, არაფერი იცვლება. ჩვენ ამ ორმოებში ვცხოვრობთ და სიცოცხლესა და მანქანებს საფრთხეს ვუქმნით“, – თქვა ნინოწმინდის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
ნინოწმინდის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ გზის ცუდი მდგომარეობა არა მხოლოდ მანქანების ხშირ დაზიანებას და დამატებით ხარჯებს იწვევს, არამედ ყოველდღიურ საფრთხესაც ქმნის, განსაკუთრებით ღამით ან ცუდი ხილვადობის პირობებში.
Jnews-თან ინტერვიუში მძღოლმა დავით დოხოიანმა, რომელიც მგზავრებს საქართველოდან სომხეთში გადაჰყავს აღნიშნა, რომ ნინოწმინდიდან საზღვრამდე გზის მონაკვეთი ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია.
„დღევანდელი მდგომარეობით, გზა იმდენად ცუდია, რომ ერთ ლარს თუ ვიშოვით, ათი ლარი მანქანის შეკეთებაზე მიდის. არ არის დღე, რომ დაზიანების გარეშე გავიდეთ. ჟდანოვკას სოფლიდან ძლივს გამოვდივარ. ორლოვკიდან ნინოწმინდამდე მონაკვეთი მთლიანად დანგრეულია. გთხოვთ, საქართველოს ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს ამ პრობლემას და მიიღოს შესაბამისი ზომები გზის შეკეთების მიმართულებით“, — განაცხადა დავით დოხოიანმა.
Jnews-მა ასევე დაუკავშირდა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რადგან აღნიშნული გზა მათი კონტროლის ქვეშაა. დეპარტამენტიდან გვიპასუხეს:
„მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ფარგლებში ეს გზა კეთილმოეწყობა. თუმცა, წელს კაპიტალური რემონტი არ იგეგმება. ორმოების ამოვსება უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი.“
გევორგ ჯანოიან