
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალქალაქში რამდენიმე სკვერი და პარკი გაჩნდა. თუმცა, დეველოპერების მიერ სამუშაოების დასრულებისთანავე, პარკები დანგრეულია.ამის მიზეზი ისაა, რომ კეთილმოწყობის შემდეგ მათზე არავინ ზრუნავს.
ჯივანის პარკში 14-15 წლის მოზარდი პლასტმასის საქანელაზე ქანაობს, რომელიც სკოლამდელი და დაწყებითი სკოლის ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ირკვევა, რომ თუ მოზარდი ქანაობას გააგრძელებს, საქანელა ვერ გაუძლებს და გატყდება. გამვლელები მას საყვედურობენ და ის საქანელიდან ჩამოდის. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ, თვითმხილველები ხედავენ, როგორ ბრუნდება იგივე მოზარდი მეგობრებთან ერთად იმავე საქანელასთან და საბოლოოდ ამტვრევს მას.
ეს შემთხვევა სამწუხაროდ არ არის პირველი და არც უკანასკნელი ამავე პარკში დეკორატიული ელექტრონული სანათები ყველგან მიმოფანტულია – ისინი გაზონზე გასული წლიდან, უკვე რამდენიმე თვეა, უპატრონოდ გდია.
მიუხედავად იმისა, რომ პარკში სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ქონების განზრახ დაზიანებისთვის არავინ აგებს პასუხს, დაზიანებული კი არ კეთდება. საქანელები, რომლებიც მოზარდმა მიზანმიმართულად გატეხა, დღემდე არ შეკეთებულა. მსგავსი შემთხვევები პატარა ახალქალაქში კანონის ფარგლებში არ რეგულირდება – ყველაფრის მიზეზი მჭიდრო ნათესაური, მეგობრული, სამეზობლო და სხვა კავშირებია.
დილით, აღმაშენებლის პარკთან ახლოს მიმდინარე სამუშაოების ხმა ისმოდა, ახალქალაქის სერვის ცენტრი პარკს გადაჭარბებული ბალახისგან ასუფთავებდა და ნათურებს ცვლიდა. როგორც მხითარ რსტაკიანი ამბობს, მათ უკვე დაიწყეს პარკების თანდათანობით მოწესრიგება, მაგრამ რაც შეეხება დაზიანებული ქონებისთვის სასჯელს, პატარა ქალაქში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, ამის განხორციელება რთულია. მოზარდები, რომლებიც პარკებში ყველაფერს ამტვრევენ, ხშირად პასუხს არ აგებენ, რადგან ისინი ნაცნობები ან ნათესავები აღმოჩნდებიან.
„ზოგჯერ პასუხისმგებლობაზე ვაყენებთ, ზოგჯერ პოლიციაში იბარებენ, ხდება ისე, რომ აკეთებენ გატეხილს, მშობლები საყვედურობენ, მაგრამ ეს არ მოქმედებს სიტუაციაზე“, — ამბობს ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორი მხითარ რსტაკიანი.
თუმცა, დაუსჯელობა არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც პარკებს უკავშირდება.
კეთილმოწყობის სამუშაოების დროს დარგული ხეები გახმა, სკამები გახუნებულია, ლანდშაფტი არ არის, შესაბამისად ყვავილებიც არ არის. კეთილმოწყობის სამუშაოების ფარგლებში დარგული მცენარეები ახალქალაქის მკაცრი კლიმატისა და არარეგულარული მორწყვის გამო გაფუჭდა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალქალაქის სერვის ცენტრი უკვე რამდენიმე დღეა გაზონებს ასუფთავებს, პარკებსა და სკვერებში რეგულარული და მუდმივი მოვლა-პატრონობა და დასუფთავება ესაჭიროება, მაგალითად, მზესუმზირის თესლის ქერქისა და ნაგვისგან, რომელსაც ქალაქის მაცხოვრებლები ყველა დასასვენებელ ზონაში ყრის.
მხითარ რსტაკიანის თქმით, მხოლოდ 2 პარკი ექვემდებარება ყოველდღიურ დასუფთავებას – ხას ბახჩა და ჯივანი, დანარჩენი პარკები კი ნაკლებად ხშირად, გარკვეული გრაფიკით იწმინდება. მისი თქმით, მომსახურების ცენტრს არ აქვს საკმარისი დრო და რესურსები ყველა პრობლემის მოსაგვარებლად. სულ რამდენიმე წელიწადში ბავშვებისთვის დასვენებისა და გართობის ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა – მაგალითად, ახალქალაქის ტერიტორიაზე 8 პარკი, სკვერი და სპორტული მოედანია, კიდევ 2 შენდება. ცალკე საკითხია ჯივანისა და ხას ბახჩას პარკების ტერიტორიაზე არსებული კაფე, რომლებიც გასულ წელს უნდა გაჩენილიყო, მაგრამ ჯერ არ აშენებულა.