
ყოველი წვიმის შემდეგ, ერევინის ქუჩის ბოლოს, აღმაშენებლის გზატკეცილის კვეთასთან ახლოს, დიდი რაოდენობით წყალი გროვდება და სრულ ტბორს ქმნის.
ეს პრობლემა 6 წელია არ მოგვარებულა. მთავარი მიზეზი წვიმის წყლის სადრენაჟე სისტემის არარსებობაა. შედეგად, წვიმების შემდეგ დაგროვილი წყალი არა მხოლოდ მოძრაობას აფერხებს, არამედ სერიოზულად აზიანებს ახლომდებარე სახლების საძირკველს. წყალი საცხოვრებელი შენობების სარდაფებს ავსებს, კედლებს ატენიანებს და საძირკველს აზიანებს.
გზის გაკეთებამ მაცხოვრებლებს ახალი პრობლემები შეუქმნა
ერევნის ქუჩის მაცხოვრებელი აშოტ მკრტჩიანი ნაბათის ცემით გვაცნობებს, რომ მის სახლში ბოლო დროს ჩატარებული გზის რემონტების შედეგად მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.
„რეაბილიტაციის შემდეგ, მთელი ფერდობი ჩვენი სახლისკენ წამოვიდა. წვიმის დროს წყალი დიდი რაოდენობით ჩაედინება სარდაფში, რაც სახლში ტენიანობას იწვევს. ადრე ეს პრობლემა ასეთი მწვავე არ იყო, რადგან აღმაშენებლის ქუჩაზე იყო არხები, რომლებიც წვიმის წყლის გატანას უზრუნველყოფდა. თუმცა, ახლა ეს სისტემა გაუქმებულია და მთელი გზა ასფალტით დაფარული. წყალი პირდაპირ ჩვენს სახლში ჩაედინება. გუშინ მეხანძრეებს დავურეკე წყლის ამოტუმბვისთვის, მაგრამ დღეს წყალი ისევ შეგროვდა“, – ამბობს აშოტ მკრტჩიანი.
აშოტ მკრტჩიანი აღნიშნავს, რომ მან არაერთხელ მიმართა შესაბამის ორგანოებს, მაგრამ პრობლემის მოგვარების არანაირი პასუხი არ მიუღია.
„მე პირადად რამდენჯერმე მივსულვარ მუნიციპალიტეტში, მაგრამ ყოველ ჯერზე მხოლოდ დაპირებები მოვისმინე. პრობლემა იგივე რჩება და ჩვენ კვლავ ვცხოვრობთ სახლში, რომელსაც ნესტიანი კედლები და წყლით სავსე სარდაფი აქვს“.
ის ასევე ამატებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ნაბიჯები თავად გადადგა გასულ წელს.
„მე თვითონ გავთხარე საძირკველი, ჩავასხი ბეტონი, ვცდილობდი წყლის დაგროვებას ხელი შემეშალა, მაგრამ ვერაფერი შევცვალე. პრობლემა იგივე დარჩა“.
Jnews დაუკავშირდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს, არა მოვსისიანს, რომელმაც აღნიშნა, რომ უკვე შემუშავებულია პროექტი, რომლის მიზანია წვიმის წყლის დრენაჟის საკითხის რეგულირება.
„შემოდგომისთვის ჩვენ ჩავატარებთ შესაბამის სამუშაოებს, რათა წყალი ამ ტერიტორიაზე არ დაგროვდეს. პროექტი უკვე მზადაა, უბრალოდ მის სრულად განხორციელებას ცოტა დრო სჭირდება“, – ხაზგასმით აღნიშნა მოვსისიანმა.
გევორგ ჯანოიან