
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1740 მეტრის სიმაღლეზე მდებარე სოფელი ლომატურცხი წლების განმავლობაში არაერთ სასიცოცხლო პრობლემას აწყდებოდა. მთავარი სასმელი წყლის არასაკმარისი მიწოდებაა.
წყალმომარაგება არარეგულარულია -ხშირად წყდება, ხოლო წლის გარკვეულ პერიოდებში კი მთლიანად არ არის. ბევრი იძულებულია, წყალი ჭურჭელში შეინახოს, რათა შემდეგ გამოიყენოს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც წყლის მოხმარება იზრდება, ხოლო მიწოდება არ აკმაყოფილებს მოსახლეობას.
ლომატურცხის მაცხოვრებელი, ლენა ირიციანი ყვება:
„ზაფხულში, როცა ხალხი ბაღების მორწყვას იწყებს, წყალი ან წყდება, ან ძალიან სუსტად მოდის. ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ – როცა ვამჩნევთ, რომ წყლის წნევა იკლებს, ვიწყებთ ჭურჭლში წყლის ავსებას. არ შეგვიძლია წყალი არ მოვიმარაგოთ, რადგან შესაძლოა მეორე დღეს წვეთი წყალიც არ მოვიდეს.“
სოფლის მოსახლეობის თქმით, ლომატურცხი სასმელ წყალს სოფელ ბეჟანოდან იღებს, თუმცა ლომატურცხამდე მისული მოცულობა არ არის საკმარისი მთელი სოფლის მოსახლეობისთვის.
„ყოველდღე ერთსა და იმავე სირთულეს ვაწყდებით – წყალი არ არის. ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ ეს საკითხი, მაგრამ პასუხი არ გვაქვს. ყოველ ჯერზე დაპირებებს ვისმენთ, მაგრამ მდგომარეობა არ იცვლება. ხალხი დაიღალა – დილიდან საღამომდე ელოდებიან, როდის იქნება წყალი. წყალი ყველაფრისთვის აუცილებელია – სასმელად, სარეცხის გასარეცხად…“ – ამბობს ერვანდ ხაჩატრიანი.
აღსანიშნავია, რომ „სოფელ ლომატურცხის მოსახლეობა სასმელი წყლის პრობლემას ჯერ კიდევ 2015 წლიდან უჩივის.“
წყლის პრობლემის გარდა, სოფელში კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა -„საგზაო უსაფრთხოება“. მთავარ გზაზე მანქანები ხშირად დიდი სიჩქარით მოძრაობენ, არ ითვალისწინებენ დასახლებული პუნქტის საზღვრებს და საფრთხეს უქმნიან სოფლის მცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და მოხუცების უსაფრთხოებას.
„ჩვენს სოფელში არ არის სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი. ეს სერიოზული ნაკლია. თუ უბედური შემთხვევა მოხდა, ვინ იღებს პასუხისმგებლობას თავზე? ხალხი ვერ გადის მშვიდად სახლიდან ან ბავშვს მარტო ვერ აგზავნის მაღაზიაში“, — ჩივის სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.
Jnews დაუკავშირდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის წარმომადგენელ ვარშამ აღაბაბიანს.
აღაბაბიანი ადასტურებს, რომ „წყლის სიმცირის პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება სარწყავი სეზონის დროს.“
„ჩვენი სოფლის წყალი სოფელ ბეჟანოდან მოდის. როცა იწყება სარწყავი სეზონი, ბეჟანოს მაცხოვრებლები აქტიურად იწყებენ წყლის გამოყენებას, რის შედეგადაც ჩვენს სოფელში წყლის რაოდენობა საგრძნობლად მცირდება“, – ამბობს ის.
სოფლის გამგებლის თქმით, „ახალქალაქის მერიიდან ბეჟანოდან ახალი წყალსადენის გაყვანა დაჰპირდნენ.“
„თუმცა ჯერ გაურკვეველია, ეს პროექტი წელს განხორციელდება თუ მომავალ წლებში“, – დაამატა მან.
წყლის სიმცირის გარდა, ლომატურცხში ასევე „გზების ცუდ მდგომარეობას ასახელებენ“, უფრო კონკრეტულად კი – სოფლისკენ მიმავალ გზაზე არ არის ბარიერები.
„სოფლის ზოგიერთ ნაწილში აუცილებელია ხელოვნური უსწორმასწორო გზების, სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟება. თუმცა, მუნიციპალიტეტმა გვიპასუხა, რომ აღნიშნული გზა სახელმწიფოთაშორისია და ასეთი ცვლილებები დაუშვებელია“, – ვარშამ აღაბაბიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ლომატურცხის წარმომადგენელი.
არსებული პრობლემების მიუხედავად, სოფელში გარკვეული განვითარების პროგრამებიც ხორციელდება. წელს,დახმარება სოფლის პროგრამის ფარგლებში, საფეხბურთო მოედნის აშენება იგეგმება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მერიამ საქორწილო დარბაზის რემონტისთვისაც გამოყო თანხები.
გევორგ ჯანოიან