
პროექტი განახორციელა ქართულ-ყაზახურმა ერთობლივმა საწარმოო კომპანიამ “Poti Trans Terminal”, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 31,5 მლნ. აშშ დოლარს.
თავად ერთობლივი საწარმო დაარსდა პარიტეტულ საფუძველზე — 50% ეკუთვნის ყაზახურ “PTC Holding”-ს, ხოლო დანარჩენი 50% — ქართულ მხარეს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, ახალი ტერმინალი განთავსებულია ფოთის ზღვის პორტთან ახლოს. ობიექტი იკავებს 9 ჰექტარზე მეტ ფართობს და განხორციელების პგაშვებისას გამტარუნარიანობა იქნება წელიწადში 80,000-ზე მეტი კონტეინერი.
“Poti Transterminal”-ში აცხადებენ, რომ იგი ერთდროულად მოემსახურება 120 სარკინიგზო ვაგონს და დაასაქმებს 100-ზე მეტ ადამიანს. ახალი ტერმინალი მოემსახურება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო რეგიონულ ტვირთებს — საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთიდან.
ფოთის მულტიმოდალური ტერმინალის გახსნაში მონაწილეობა მიიღო ყაზახეთის სატრანსპორტო სამინისტროს სარკინიგზო და წყლის ტრანსპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ქასიმ თლეპოვმა, ასევე ჩინეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა. ქართული მხრიდან მულტიმოდალური ტერმინალის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა. მან აღნიშნა, რომ ტერმინალი “შუა დერეფნის” მონაწილე ქვეყნების თანამშრომლობის მაგალითია, რადგან ამ პროექტში არის მათი წვლილი — როგორც მშენებლობის დროს, ასევე ინვესტიციებისა და შემდგომი ექსპლუატაციის პროცესში.
— “მულტიმოდალური ტერმინალის გახსნა მახარებს, რადგან მრავალი წლის განმავლობაში ფოთის სატრანსპორტო კომპლექსში არ იყო ასეთი მასშტაბის ინვესტიციები და არ ეშვებოდა ასეთი თანამედროვე ტერმინალი. სატრანსპორტო სექტორის მუშაკები, რომლებიც იცნობენ “შუა დერეფნით” გადაზიდვების სტრუქტურას, შენიშნავენ, რომ ტერმინალი სრულად არის ადაპტირებული მატარებლებისთვის. სწორედ მათი ხარისხიანი მომსახურება საშუალებას იძლევა მივაღწიოთ შედეგს, რაც ამ დერეფანს უფრო კონკურენტუნარიან მარშრუტად ხდის. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფოთის ტერმინალის გახსნა მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ.
ვგულისხმობ “შუა დერეფნის” გამტარუნარიანობას, რომელიც თანდათანობით იზრდება როგორც საქართველოში, ასევე პარტნიორ ქვეყნებშიც. როგორც იცით, გასულ კვირას გავხსენით თბილისის მშრალი პორტი. ფოთის ახალი ტერმინალი — ეს არის დამატებითი სიმძლავრეები, რომლებიც სასარგებლო იქნება “დერეფნის” განვითარებისთვის”, — აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
მანამდე “Poti Transterminal”-ში აცხადებდნენ, რომ ფოთის ახალი ტერმინალი მიზნად ისახავდა წელიწადში 450’000 TEU ტვირთის გადაზიდვას.
— “ფოთის პორტში ახალი მულტიმოდალური კონტეინერული ტერმინალი დაიკავებს 9 ჰექტარ ფართობს. მასში შევა განვითარებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა. ეს საშუალებას მისცემს ერთდროულად გაატაროს 120 ვაგონამდე. საერთო ჯამში ახალი ტერმინალი განკუთვნილი იქნება წელიწადში დაახლოებით 450’000 TEU ტვირთის გასამუშავებლად. პროექტის განხორციელების პირველი ფაზა მოიცავს კონტეინერული ტერმინალისა და A კლასის საწყობის მშენებლობას.
ახალი მულტიმოდალური ტერმინალი თავდაპირველად მოემსახურება მხოლოდ კონტეინერულ ტვირთებს. მაშინ როდესაც მშენებლობის მეორე ფაზის დასრულების შემდეგ ის უკვე შეძლებს მშრალი ტვირთების მომსახურებასაც. ტერმინალი ითანამშრომლებს APM, Pace და სხვა წამყვან კონტეინერულ ჯგუფებთან.
ყაზახური ჰოლდინგი, რომელიც მონაწილეობს პროექტში, მოიცავს 25-წლიან გამოცდილებას. ის ითვლება ბაზრებზე ერთ-ერთ უმსხვილეს მოთამაშედ. “PTC Holding”-ს აქვს საკუთარი ავტოპარკი. ის ასევე აკონტროლებს ტერმინალებს ყაზახეთში, მათ შორის ჩინეთის საზღვარზეც. ასევე ფლობს აქტაუს ზღვის პორტს.
გარდა ამისა, ამჟამად ტაშკენტში ყაზახური ჰოლდინგი აშენებს მსხვილ ტერმინალსა და ლოგისტიკურ ჰაბს. თავად კომპანია “Poti Transterminal” ასევე ეწევა მოლაპარაკებებს უზბეკურ და თურქულ პარტნიორებთან შავიზღვისპირა ფოთის პორტში ტერმინალური ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარების საკითხებზე”, — აღნიშნავდნენ “Poti Transterminal”-ის რელიზში.
2023 წელს “Poti Transterminal”-ის ინტერესებს ოფიციალურად წარმოადგენდა ბიზნესმენი მამუკა მერკვილაძე. თუმცა 2024 წელს ის გადავიდა სახელმწიფო სამსახურში. მეწარმე გახდა რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის გამგე.
საქართველოს სახალხო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სს “Poti Trans Terminal” (ს/კ: 215080105) დარეგისტრირდა 1996 წელს. ის დაფუძნდა ფოთის ჰიდრომექანიკური მანქანათმშენებლობის ქარხნის პრივატიზაციის შემდეგ. სწორედ მისი ტერიტორია დაიკავა ახლანდელმა ტერმინალმა. 2023 წელს ამ კომპანიამ შეცვალა დასახელება და მფლობელები. მისი აქციონერები გახდნენ ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ინვესტორები.
ამჟამად კომპანიის გენერალური დირექტორია ყაზახეთის მოქალაქე ოლჟას არიქბაევი (Olzhas Arykbayev), ხოლო აღმასრულებელი დირექტორი — საქართველოს მოქალაქე იურა დავრიშევი (Iura Davrishev).
საერთო ხელმძღვანელობას ახორციელებს საზედამხედველო საბჭო, რომელიც შედგება ოთხი წევრისგან. საბჭოს ხელმძღვანელია ყაზახეთის მოქალაქე ოლჟას ჩილტერხანოვი (Olzhas Chilterkhanov), მისი მოადგილე — ყაზახეთის მოქალაქე დინა ქუდასბაევა (Dina Kudasbayeva), ხოლო წევრები: აზერბაიჯანის მოქალაქე ნათიგ ჯაფაროვი (Natig Jafarov) და საქართველოს მოქალაქე კახაბერ ლათარია (Kakhaberi Lataria).