დღეს, 12 ივნისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქალი წარმომადგენლებს შორის. შეხვედრის მიზანი იყო მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებებთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის თანამშრომლები ახალქალაქში ჩავიდნენ. ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და დაქვემდებარებული სტრუქტურების წარმომადგენლებისგან ქალთა უფლებების შესახებ ინფორმაციის მიღება. წელიწადში ორჯერ, სახალხო დამცველის აპარატი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ამ ანგარიშების მოსამზადებლად, იმართება შეხვედრები სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებთან საჭირო ინფორმაციის დაზუსტებისა და შეგროვების მიზნით.

სამცხე-ჯავახეთში- ახალქალაქში, გენდერული დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ საკრებულოსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ქალებთან.

შეხვედრის დროს განიხილეს გენდერული კვოტების შედეგებთან, სოციალურ პაკეტებთან, ქალთა აქტივიზმთან, როგორც პოლიტიკაში, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, გენდერული დისკრიმინაციის შემთხვევებთან, ძალადობასთან, ქალთა განათლებასთან და სხვა მრავალ თემასთან დაკავშირებული საკითხები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი 2013 წლის 15 მაისს შეიქმნა. მისი შექმნა ბავშვთა და ქალთა უფლებების ცენტრის საქმიანობას ეფუძნება, რომელიც 2001 წლიდან ფუნქციონირებს. თავის საქმიანობაში დეპარტამენტი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, შესაბამისი საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით, „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „სახალხო დამცველის ოფისის შესახებ“ დებულებითა და გენდერული თანასწორობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით.

დეპარტამენტის მიზანია გენდერული თანასწორობის სფეროში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მონიტორინგი, გენდერული საკითხების ადამიანის უფლებათა დამცველის ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირების ხელშეწყობა, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება საქართველოში გენდერული თანასწორობის განმტკიცების მიზნით.