
„უნდა განვიხილოთ როგორც თანამშრომლობის ახალი ფორმატი“ – ასე პასუხობს ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჯახუტაშვილი „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვას, რამდენად არსებობს რისკი იმისა, რომ ქართველმა დილერებმა ავტომობილების ექსპორტის კუთხით ყაზახეთის ბაზარი დაკარგონ.
კითხვის წინაპირობა გახდა ქართველი ავტოიმპორტიორების განცხადება, სადაც ისინი აღნიშნავენ, რომ ყაზახი დილერები საქართველოში ხსნიან ცენტრებს, ჩამოჰყავთ ავტომობილები და თავადვე გაყჰავთ ყაზახეთში. ეს კი იმ ფონზე, როცა ყაზახეთი ავტობიზნესში ჩართული ქართველების ნაწილისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია.
ჯახუტაშვილი აღნიშნავს, რომ ყაზახი ბიზნესმენები საქართველოს ტერიტორიაზე ხსნიან ავტოცენტრებს. მისი თქმით, ეს პროცესი მიანიშნებს იმაზე, რომ ყაზახეთი ხედავს საქართველოში შექმნილ ხელსაყრელ პირობებს, რაც შესაძლებლობად უნდა იქნას აღქმული.
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების გამგეობის თავმჯდომარე საუბრობს აღნიშნული შესაძლებლობების ათვისებაზე და აღნიშნავს, რომ აუცილებელია, შეიქმნას ერთობლივი ცენტრები, სადაც ქართულ-ყაზახური მხარეები ერთმანეთთან ითანამშრომლებენ.
„რისკად არ უნდა შეფასდეს, ყაზახების აქ საქმიანობა არ უნდა იყოს პრობლემა“
„ყაზახეთში საქართველოდან ექსპორტის 80%-ს ავტომანქანები შეადგენს. ძირითადი ნიშა ეს არის, თუმცა მოკლევადიან პერიოდში ეს მაინც კარგია. ზოგადად დღეს ავტომობილები, საქართველოს ექსპორტში ლიდერია – 2023 წელს მხოლოდ ყაზახეთში დაახლოებით 600 მილიონი დოლარის ღირებულების მანქანა გავიდა, დაახლოებით 40 ათასი ერთეული. ეს ბაზარი ძირითადად რეექსპორტზეა დაფუძნებული – საქართველოში შემოდის მეორადი მანქანები (აშს, იაპონია, კორეა) შემდეგ ყაზახურ ბაზარზე გადის.
ყაზახი ბიზნესმენები თავად ჩამოდიან საქართველოში და საქართველოს ტერიტორიაზე ხსნიან ავტოცენტრებს. ისინი თავად ყიდულობენ, აფორმებენ, ამზადებენ მანქანებს და შემდეგ თავადვე გადაჰყავთ ყაზახეთში. ეს ნიშნავს, რომ რეექსპორტის სტატისტიკა შესაძლოა, შემცირდეს, რადგან მანქანებს ყიდულობს არა ქართველი გადამყიდველი, არამედ ყაზახი, რომელიც ფიზიკურად საქართველოში იმყოფება. ეს პროცესი მიანიშნებს იმაზე, რომ ყაზახეთი ხედავს საქართველოში შექმნილ ხელსაყრელ ინფრასტრუქტურას და რესურსს, რის გამოც, თავადაც ცდილობს აქტიური ჩართულობით ისარგებლოს იმ შესაძლებლობებით, რასაც ქართული ბაზარი სთავაზობს. ეს რისკად არ უნდა შეფასდეს, არამედ უნდა განვიხილოთ როგორც თანამშრომლობის ახალი ფორმატი. აუცილებელია, შეიქმნას ერთობლივი ცენტრები, სადაც ქართული და ყაზახური მხარეები პარტნიორებად ითანამშრომლებენ.
თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი მსოფლიოში გახდა ყველაზე დიდი ავტომობილების ექსპორტიორი. უკვე ყაზახეთში უშუალოდ ოპერირებენ, რაც ახალ კონკურენციას ქმნის იმპორტირებული მანქანების მიმართ. არსებობს რისკი, რომ საქართველო თანდათან დაკარგავს რეექსპორტიორის სტატუსს ყაზახეთის მიმართულებით. ამიტომ საქართველოსთვის სტრატეგიული ნაბიჯი იქნებოდა გაყიდვების ცენტრების ლეგალიზება და რეგულირება ყაზახი მყიდველებისთვის. საგადასახადო მოტივაციის შეთავაზება მათთვის, ვინც აქ ყიდულობს და ყიდის ისევ რეექსპორტის წესით.
ჩვენი მიზანია, ქართულმა ბიზნესმა განაგრძოს მონაწილეობა ამ ქსელში და მიიღოს სარგებელი როგორც ლოჯისტიკური, ისე საბაჟო სერვისების მიმართულებით. ამასთან ყაზახების ჩვენს ქვეყანაში საქმიანობა არ უნდა იყოს პრობლემა, ეს უნდა ხორციელდებოდეს შესაძლებლობისა და კონკურენციის ფარგლებში, ისე როგორც ქართული ბიზნესის ყაზახეთში განვითარება“, – აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ ინტერვიუში გიორგი ჯახუტაშვილი.
სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ყაზახეთში რეექსპორტზე გავიდა 12 055 ერთეული მსუბუქი ავტომობილი, ჯამურმა ღირებულებამ 219 268 190 დოლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემები აჩვენებს, რომ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით ექსპორტი შემცირდა. კერძოდ, 2024 წლის პირველ ოთხ თვეში ყაზახეთში ექსპორტირებულია 13 584 ერთეული მსუბუქი ავტომობილი ჯამური ღირებულებით 181 096 150.