Jnews-თან ინტერვიუში, საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი საფრანგეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარების საკუთარ ხედვას გვიზიარებს, ხაზს უსვამს თანამშრომლობის მნიშვნელობას ყველა სფეროში და სამოქალაქო საზოგადოების როლს ქვეყნის ევროპულ მომავალში.

– რა არის თქვენი, როგორც საქართველოში ელჩის, ძირითადი მოვალეობები?

– საქართველოში ჩემი მთავარი მისიაა ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცება, ჩვენს ხალხებს, სამოქალაქო საზოგადოებას, თავდაცვის ძალებს, კომპანიებს, უნივერსიტეტებს, შემოქმედებით და კულტურულ ინდუსტრიებს, ინსტიტუტებს – ნებისმიერ ინდუსტრიას შორის ხიდების აგება, რათა შევქმნათ ურთიერთგაგებაზე, უსაფრთხოებაზე, განვითარებასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული მომავალი. საფრანგეთი ცდილობს განავითაროს ურთიერთობები მთელ საქართველოსთან, მისი რეგიონებისა და პრიორიტეტების მრავალფეროვნებით.

ახალქალაქში ჩვენ ვუჭერთ მხარს ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაციის BICE-ის და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების RHEA-სა და PHF-ის პარტნიორობას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციები თანამშრომლობენ სოციალურ მუშაკებთან, ოჯახებთან და სხვა მრავალ ადამიანთან ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის, იდენტიფიცირებისა და მკურნალობის მიზნით. 2023 წლიდან მოყოლებული, 140-ზე მეტმა სოციალურმა მუშაკმა გაიარა ტრენინგი და 4300-ზე მეტმა დაუცველმა ადამიანმა მიიღო დახმარება.

აბასთუმანში ჩვენ ვუჭერთ მხარს ობსერვატორიის პარტნიორობას პარიზ-საკლეს კოსმოსური კვლევების ეროვნულ ცენტრთან. ახალციხეში, ფრანკო-ქართულმა უნივერსიტეტმა (UFG) ცოტა ხნის წინ 2025 წლის მარტში ტულუზის ეროვნული ვეტერინარული სკოლის პროფესორის ვიზიტი მოაწყო რეგიონში ვეტერინარული განათლების განვითარების მიზნით, რადგან ეს ის სექტორია, სადაც საქართველოს ახალგაზრდა კვალიფიციური პროფესიონალები აკლია. ახალციხეში ამჟამად ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარია. სამცხე-ჯავახეთი ერთადერთი რეგიონი იყო საქართველოში, რომელსაც ასეთი თავშესაფარი არ ჰქონდა. ეს თავშესაფარი ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და იმართება.

საფრანგეთი ასევე მხარს უჭერს კერძო სექტორის განვითარებას ქართული ბანკებისთვის, როგორიცაა TBC და „საქართველოს ბანკი“, სესხების გაცემის გზით. ჩვენი სესხები მიზნად ისახავს რეგიონში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერას, გარემოს დაცვას და ქალთა გაძლიერებას. როგორც „კრედო ბანკის“ აქციონერი, საფრანგეთი მხარს უჭერს მიკროფინანსებზე და ზოგადად სოფლის მეურნეობაზე წვდომას ქვეყანაში.

– როგორ ხედავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების მომავალს?

– საქართველო საფრანგეთისა და ევროკავშირის სანდო და პრივილეგირებული პარტნიორია, რომელიც განსაკუთრებულ მოპყრობას იმსახურებს, მაგალითად, უვიზო რეჟიმის, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლიდან მოქმედებს. ჩვენმა ურთიერთობებმა უპრეცედენტო დონეს მიაღწია მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა და კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

ახლა, მრავალი ანტიდემოკრატიული კანონის გამო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ჩვენი ურთიერთობები კრიზისშია. თუმცა, ჩვენ გვსურს ვიმუშაოთ ყველაფრის შესანარჩუნებლად, რაც ერთად ავაშენეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში, რადგან ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. საქართველოს მომავალი ქართველ ხალხს ეკუთვნის. საფრანგეთი და ევროპა არასდროს შეწყვეტენ ჩვენი ხალხებისთვის უკეთესი მომავლისთვის მუშაობას.

– ბოლო დროს რამდენიმე კანონი იქნა მიღებული, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის თავისუფლების შეზღუდვას ისახავს მიზნად. ხედავთ თუ არა გამოსავალს ამ სიტუაციიდან? ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება განწირულია?

– საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის ავლენდა ნამდვილ დინამიზმსა და მდგრადობას ყველაზე რთულ დროს. დღეს მედია, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ადამიანის უფლებათა დამცველები რეპრესიების ქვეშ არიან, მაშინ როცა ისინი დაცული უნდა იყვნენ. საფრანგეთმა, ევროპასთან ერთად, დაგმო საქართველოს დემოკრატიული პრინციპებიდან უკან დახევა და გააგრძელებს მუშაობას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად რაც შეიძლება დიდხანს.ჩვენ მოვუწოდეთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს კანონებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, არღვევს ადამიანის ღირსებას და გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებული ადამიანები. ასევე აუცილებელია დიალოგის წარმოება ყველა დემოკრატიულ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. სწორედ დიალოგის, კომპრომისისა და პატივისცემის გზით წყვეტენ დემოკრატიები თავიანთ კრიზისებს.