საქართველოს მთავრობამ მიხეილ ყაველაშვილს ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარუდგინა. ამის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებაშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, თამარ ტალიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 10 ივლისს დაიკავებს.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში.

გარდა ამისა, 9 ივნისით დათარიღებული კიდევ ერთი ბრძანებით, ირაკლი კობახიძემ მიხეილ ყაველაშვილს მიმართა წინადადებით, თამარ ტალიაშვილი 10 ივლისიდან ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლდეს.

თამარ ტალიაშვილს დიპლომატიურ სამსახურში, საჯარო ადმინისტრირებასა და აკადემიურ წრეებში დიდი გამოცდილება აქვს.

2022 წლიდან იგი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებს. ასევე, 2018 წლიდან 2020 წლამდე იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი.

ხატია წილოსანი ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იქნება. 2019-2020 წლებში იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

მას ასევე ეკავა მაღალი თანამდებობები სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 2020–2024 წლებში ხატია წილოსანი იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. მას ასევე აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება.