წალკაში ახალი გასართობი პარკი აშენდება. საქართველოს ულამაზესი ბუნება, რომელიც იზიდავს არა მხოლოდ ადგილობრივებს, არამედ უცხოელებსაც, შესაძლებლობას იძლევა, დაინერგოს სიახლეები და დააკმაყოფილოს ადამიანები სულ უფრო მეტი ახალი პროექტით.

ბოლო წლებში წალკაში აშენებულმა „ბრილიანტის“ ხიდმა ტურიზმი განავითარა და არც ერთი ვიზიტორი არ დატოვა გულგრილი. ამჯერად, იმავე ტერიტორიაზე აშენდება გასართობი ცენტრი. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.

„წელს, 2025 წლის ივნისში, წალკაში, KASS LAND-ის ტერიტორიაზე გაიხსნება სრულიად ახალი გასართობი პარკი, რომელიც საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა უნდა გახდეს“, – ამის შესახებ KASS LAND-ის გენერალურმა დირექტორმა, ეკატერინე თორდიამ, აღნიშნულ ვებგვერდთან ინტერვიუში განაცხადა.

პროექტის მთავარი ინვესტორია ებრაული კომპანია Kass Group, რომელიც ცნობილია თავისი ინოვაციური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პროექტებით.

პარკის მთავარი უპირატესობა რეგიონში ყველაზე გრძელი კარტინგის (სარბოლო) ტრასა იქნება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო, კერძოდ, ევროპულ სტანდარტებს და განკუთვნილია როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი მრბოლელებისთვის, მათ შორის ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

ქართინგის გარდა, პარკის ერთ-ერთი მთავარი სიახლე 30 მეტრიანი წყლის ატრაქციონი იქნება, სადაც სტუმრებს ნავზე სრიალი შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ ასეთი ზომისა და კონცეფციის ატრაქციონი საქართველოში არასოდეს ყოფილა.

zvarjanqi aygi 1

zvarjanqi aygi 2

„პარკის მთავარი სიახლე იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი კარტინგის ტრასა, რომელიც სპეციალურად როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვისაა შექმნილი. რეგიონში ასეთი ტრასა არასოდეს ყოფილა, ის ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება და განკუთვნილია როგორც პროფესიონალებისთვის, ისე დამწყებთათვის“, – განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

zvarjanqi ajgi 3
ეკატერინე თორდიას თქმით, პარკის კონცეფცია ისეა დაგეგმილი, რომ ყოველდღიურად ვიზიტორების დიდი რაოდენობაა მოსალოდნელი.

„საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, აშშ-სა და ევროპაში სტანდარტული გასართობი პარკები დღეში 1000-დან 2500-მდე ადამიანს იზიდავს. ჩვენი პარკის შემთხვევაში, მისი უნიკალური კონცეფციის წყალობით, მოლოდინები გაცილებით მაღალია, განსაკუთრებით ზაფხულში და დასვენების დღეებში“, -აღნიშნა თორდიამ.

მისი თქმით, პარკი დიდ ტერიტორიას მოიცავს და მიზნად ისახავს, აქტიურად ჩართოს როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ტურისტები. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივ ეკონომიკას და გაააქტიურებს წალკის რეგიონს ტურიზმის კუთხით.

რაც შეეხება ფინანსურ დეტალებს, თუ რა თანხა დაიხარჯა ატრაქციონზე და რა ეღირება გასართობი ზონის გამოყენება, ეს ჯერ კიდევ ზუსტდება.

ფენია თოროსიან