2025 წლის 14 ივნისს საერთაშორისო საზოგადოება აღნიშნავს სისხლის დონორის მსოფლიო დღეს. ეს არის შესაძლებლობა, გავიხსენოთ მილიონობით მოხალისის ღვაწლი, რომლებიც ნებაყოფლობით აბარებენ სისხლს და ამით სხვებს სიცოცხლის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევენ.

სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ახალქალაქის ფილიალი სისხლის ჩაბარების აკციას აწყობს.

ახალქალაქში ექიმები და სხვა სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალი მიიღებენ დონორულ სისხლს. სისხლის შეგროვება ორგანიზებულია საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ახალქალაქის ფილიალის მიერ, მათ ოფისში, რომელიც ახალქალაქის კულტურის სახლში მდებარეობს.

თუ ვინმეს სურს სისხლის ჩაბარება, შეუძლია დარეკოს ნომერზე 598888103 ან მისწეროს ელექტრონულ ფოსტაზე: akhalkalaki@redcross.ge, რათა დააზუსტოს ჩაბარების ზუსტი დრო.

ძირითადი ფაქტები ნებაყოფლობითი სისხლის დონაციის შესახებ:

  • ნებაყოფლობითი სისხლის დონაცია აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელი ადამიანისთვის.
  • ნებაყოფლობითი სისხლის დონაცია კონფიდენციალური პროცესია და დონორის ანონიმურობა დაცულია.
  • დონირებული სისხლი მოწმდება ინფექციებზე, მათ შორის B და C ჰეპატიტზე, აივ ინფექციასა და სიფილისზე.
  • სისხლის ჩაბარებისას გამოიყენება მხოლოდ ერთჯერადი მოხმარების ხელსაწყოები, რის გამოც დონორი დაცულია ინფექციისგან.
  • სისხლის საჭიროება ყველაზე მაღალია ავტოავარიების, დამწვრობების, გულის ოპერაციებისა და ორგანოების გადანერგვის შემთხვევებში.

ერთჯერადი სისხლის ჩაბარება სამი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს

სისხლი და სისხლის პრეპარატები მუდმივად ესაჭიროებათ ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს. სისხლის პრეპარატები ყოველთვის დეფიციტურია, ამიტომ სისხლის დონაცია არასოდეს არის უსარგებლო ან ზედმეტი. არ არსებობს ხელოვნური ხსნარები, რომლებსაც შეუძლიათ სისხლისა და სისხლის პრეპარატების ჩანაცვლება. სისხლის კომპონენტების მიღების ერთადერთი გზა სისხლის დონაციაა.

ნებაყოფლობითი სისხლის დონაცია მთელ მსოფლიოში სიამაყისა და პატივის საგანია.

ვინ შეიძლება გახდეს სისხლის დონორი?

ვინ შეიძლება გახდეს სისხლის დონორი?

  • ყველა ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს შეუძლია უსაფრთხოდ გაიღოს სისხლი ყოველ 2 თვეში ერთხელ, წელიწადში 5-6-ჯერ.
  • მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დონორი უნდა იყოს 18-დან 65 წლამდე.
  • უნდა იწონიდეს 50 კგ-ზე მეტს.
  • სისხლის გაღების მომენტში თავს კარგად უნდა გრძნობდეს.
  • უნდა იყოს  ნასაუზმევი.
  • სისხლის გაღებამდე დონორმა უნდა დალიოს 0.5 ლიტრამდე არაალკოჰოლური სითხე.

თქვენ ვერ გახდებით დონორი, თუ:

ამჟამად გაქვთ ან გქონიათ შემდეგი დაავადებებიდან რომელიმე: B ან C ჰეპატიტი, აივ ინფექცია/შიდსი ან სიფილისი.
თუნდაც ერთხელ მაინც გაგიკეთებიათ ინექციური ნარკოტიკები ექიმის დანიშნულების გარეშე.

რატომ უნდა გაიღოთ სისხლი?

  • სისხლის შენახვის მაქსიმალური ვადა 42 დღეა.
  • თრომბოციტები ინახება მხოლოდ 5 დღის განმავლობაში.
  • ეს ნიშნავს, რომ სისხლის ბანკებს ყოველდღიურად ესაჭიროებათ ჯანმრთელი დონორების გარკვეული რაოდენობა.
  • დათვლილია, რომ 75 წლის ასაკში ადამიანების 85%-ს დასჭირდება მინიმუმ ერთი სისხლის გადასხმა.
  • სისხლის დონაცია არის მარტივი, უსაფრთხო, უმტკივნეულო პროცესი, რომელიც მაქსიმუმ 1 საათს გრძელდება.