
რეგიონული ლიგის სატურნირო ცხრილში, ახალქალაქის საფეხბურთო გუნდი „აბული“ 3 ივნისს მოპოვებული გამარჯვების შედეგად, მე-3 ადგილზე ავიდა. გუნდი ისწრაფვის, რომ კიდევ უფრო მაღლა ავიდეს და პირველ ადგილას მიაღწიოს.
3 ივნისს ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე საფეხბურთო კლუბებს, “აბულსა” და “ლიახვი აჩაბეთს” შორის მატჩი გაიმართა, რომელიც ახალქალაქის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
„აბულის“ მხრიდან გოლები რაფაელ დარბინიანმა (2 გოლი) და ლუკა გაგიძემ (1 გოლი) გაიტანეს. ამ გამარჯვების შედეგად, “აბული” სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე აღმოჩნდა.
რეგიონული პირველობის პირველ წრეში „აბულს“ კიდევ 4 მატჩის ჩატარება ელის, მათგან 2 თბილისში, ხოლო 2 – ახალქალაქში. პირველი წრის ბოლო შეხვედრა 1 ივლისს გაიმართება, მეორე წრეში კი გუნდს 13 მატჩის ჩატარება მოუწევს.
9 ივნისს, გუნდ „აბულის“ შემდეგი თამაში თბილისში, გუნდ „ორბი-2“-თან გაიმართება.