
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში არსებულ ბინადრობის ნებართვების სახეების ჩამონათვალს – ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვა ემატება.
„ოცნების“ დეპუტატები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში კიდევ ერთი ცვლილების განხილვას დაჩქარებული წესით ითხოვს. კანონის პროექტი, რომლის ინიციატორები „ოცნების“ დეპუტატები ვაკო თურნავა, არჩილ გორდულაძე, ლევან მახაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, შოთა ბერეკაშვილის და თორნიკე ჭეიშვილი არიან, პარლამენტს უკვე წარედგინა.
გუშინ, 2 ივნისს, ცვლილებები განსახილველად პარლამენტის ბიუროს წარედგინა. პარტია „ქართული ოცნება“ კანონპროექტის დაჩქარებულ განხილვას მოითხოვს.
კანონპროექტის თანახმად, IT სექტორში დასაქმებული პირებისთვის ბინადრობის ნებართვა გაიცემა:
-უცხოელები, შრომის მიგრანტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ჯანდაცვის სამინისტროში, როგორც IT სექტორში დასაქმებულები და მათი ოჯახები;
– უცხოელები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან საქართველოში, როგორც მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც ახორციელებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საქმიანობას და მათი ოჯახები;
-IT სექტორში მოქმედი საერთაშორისო კომპანიების მენეჯერები და წარმომადგენლები და მათი ოჯახები.
განმარტებითი ბარათის თანახმად, კანონპროექტის მიღების შემდეგ, რეზიდენტის სტატუსის მქონე საერთაშორისო კომპანიები მომდევნო სამი წლის განმავლობაში ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის სახით 490 მილიონ ლარს შეიტანენ, რაც მიმდინარე მაჩვენებელზე 3.6-ჯერ მეტია.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან როგორც ინდივიდუალური მეწარმეები IT სფეროში საქმიანობის სფეროს მითითებით, მოქმედი რეგულაციით, სამი წლის განმავლობაში საშემოსავლო გადასახადის ჯამური ოდენობა, სავარაუდოდ, 119.9 მილიონი ლარი იქნება. კანონპროექტის მიღების შემდეგ, ეს თანხა, სავარაუდოდ, 33%-ით გაიზრდება, რაც 159.6 მილიონ ლარს შეადგენს.
საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებით, ერთი მხრივ, საერთაშორისო IT კომპანიებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა 24 ათასს მიაღწევს, ხოლო მეორე მხრივ, ამ თანამშრომლების მიერ საქართველოში მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში დახარჯული პროგნოზირებული თანხა 6.5 მილიარდ ლარს შეადგენს. გარდა ამისა, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სუბიექტების რაოდენობა 100 ათასს მიაღწევს, რაც ასევე გამოიწვევს მათი ხარჯების ოდენობის 24 მილიარდ ლარამდე ზრდას საქართველოში.
ამგვარად, ეს ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას გამოიწვევს.
კანონპროექტის ძალაში შესვლა მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან იგეგმება.