
2025 წლის 1 ივნისიდან საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა ავტოსადგურს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან სერტიფიკატი უნდა ჰქონდეს. ამისთვის ისინი ვალდებულნი არიან, შეესაბამებოდნენ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს. ეს სიახლე ახალქალაქის ავტოსადგურსაც შეეხება. საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დაამტკიცეს ტერიტორია, რომელიც მუნიციპალიტეტის ავტოსადგურად იქნება გამოყენებული, ასევე დაამტკიცეს იმ დასახლებული პუნქტების ნუსხა, რომლებისთვისაც ავტოსადგურიდან გასვლა სავალდებულო არ არის.
სერტიფიკატის მისაღებად ერთ-ერთი მოთხოვნაა მუნიციპალიტეტის ოფიციალური თანხმობა კონკრეტული ტერიტორიის ავტოსადგურად გამოყენებაზე. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 მაისის სხდომაზე დეპუტატებმა სწორედ ასეთი ტერიტორია დაამტკიცეს – ეს არის მოქმედი ავტოსადგურის ტერიტორია.დეპუტატებს ახალი რეგულაციები ახალქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, მნაცაკან ფამბუხჩიანმა გააცნო.
ასევე დამტკიცდა, მუნიციპალიტეტის რომელი დასახლებული პუნქტებიდან არ არის სავალდებულო ავტოტრანსპორტის გასვლა ავტოსადგურიდან. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ეს არის 17 ადმინისტრაციული ერთეული:
აზავრეთი, ალასტანი, გოგაშენი, კუმურდო, დილისკა, ზაკი, კარწახი, კარტიკამი, კოთელია, კოჩიო, ოკამი, პტენა, სულდა, ტურცხი, ხავეთი, ხანდო, ხოსპიო.
გარდა ამისა, სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში, 2025 წლის 1 ივნისიდან, დასახლებულ პუნქტებს შორის (რომლებიც ერთმანეთისგან 150 კმ-მდე მანძილზე მდებარეობენ) სამგზავრო გადაყვანა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ავტობუსებით. პირველ ეტაპზე ეს მოთხოვნა ვრცელდება მხოლოდ დიდ ქალაქებზე.