
ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებიდან, რომელთა მიზანი მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ მუშაობა იყო, უკვე 4 წელი გავიდა. Jnews-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ნაირი ირიციანს ესაუბრა, ამ პერიოდში მიღწეული შედეგებისა და გადაუჭრელი პრობლემების შესახებ.
საკრებულოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სტრუქტურის მუშაობის ეფექტიანობა, სხვა ფაქტორებთან ერთად, მერიისა და პირადად მერის კოორდინირებული მუშაობით არის განპირობებული. ნაირი ირიციანის თქმით, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში მუნიციპალიტეტში დიდი სამუშაო შესრულდა: გაჩნდა პარკები და სკვერები, აშენდა გზები, განხორციელდა სხვა პროექტები.
„ვფიქრობ, ჩვენ ვიმუშავეთ ყველა იმ პრობლემაზე, რის შესახებაც მოსახლეობა შეხვედრების დროს გვეუბნებოდა. ქალაქს ადრე იმდენი პარკი და სკვერი არ ჰქონდა, რამდენიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაჩნდა. იმ სოფლებში, სადაც ადრე ნაგვის გატანის ცნება არ არსებობდა, დღეს არცერთი არ არის ისეთი, სადაც ამ მიმართულებით სამუშაოები არ მიმდინარეობს. გზების კეთილმოწყობის სამუშაოები თითქმის ყველა სოფელში მიმდინარეობს; სულ რაღაც 5-6 სოფელი დარჩა, რომელთათვისაც პროექტები უკვე არსებობს, მაგრამ წელს ვერ შევძლებთ სამუშაოების დაწყებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გარემონტდა სოფლებისკენ მიმავალი 2-3 დიდი ხიდი“, — ამბობს ნაირი ირიციანი.
ნაირი ირიციანი აღნიშნავს, რომ ოთხი წლის განმავლობაში ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა მუნიციპალური ტრანსპორტის, უსახლკარო ძაღლებისა და სარწყავი სისტემის პრობლემების მოგვარება.
„წელს გვექნება მხოლოდ ორი ავტობუსი, რომლებიც დაიწყებენ სოფლებში მოძრაობას. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი 64 სოფლისთვის, მაგრამ ვნახოთ, როგორ იმუშავებს ეს ახალი ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ამ სფეროს მოემსახურება. ჩვენ ასევე ვგეგმავდით სამხარეო ძაღლების თავშესაფრის აშენებას გუბერნიასთან ერთად. თითოეულ მუნიციპალიტეტს უნდა გამოეყო სახსრები, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს სამუშაო არ განხორციელდა. ჩვენ უზრუნველვყოფთ ცხოველების გადაყვანას და სტერილიზაციას, მაგრამ ეს სრულფასოვანი გამოსავალი არ არის. რაც შეეხება მორწყვას, შეუძლებელია მთელი მუნიციპალიტეტის ტერიტორიის სარწყავი სისტემით უზრუნველყოფა. სახელმწიფო სისტემა კარგად მუშაობს, ჩვენ კი ცალკეულ სოფლებში პატარა წყალსაცავებს ვაშენებთ“, — დაამატა მან.
საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს პრობლემები ცენტრალიზებულ მიდგომას მოითხოვს მათი გადასაჭრელად და მუნიციპალიტეტის რესურსები ხშირად არასაკმარისია.