
1 ივნისს, წმინდა ნინოს ხსენების დღეს(მისი საქართველოში ჩამოსვლის დღე), წმინდა გზაზე დაიწყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მორწმუნეთა ყოველწლიური მომლოცველობა. მცხეთაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და მის ფარგლებს გარეთ 90-მდე მომლოცველი ჩავიდა, მომლოცველობა 42 დღე გაგრძელდება.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში, ფარვანის ტბის სანაპიროზე, სამონასტრო კომპლექსის მახლობლად, როგორც ყოველწლიურად, საქართველოდან ჩამოსული მრავალი მორწმუნე შეიკრიბა. ლოცვის შემდეგ, შეკრებილთა უმრავლესობა წმინდა ნინოს ბილიკზე მომლოცველობაზე გაემგზავრა, რომელიც 1 ივნისს დაიწყო. ისინი მცხეთაში 13 ივლისისთვის ჩავლენ სვეტიცხოვლობის სადღესასწაულო ლიტურგიაში მონაწილეობის მისაღებად.
ტრადიციის თანახმად, წმინდა ნინომ ეს გზა ფეხით გაიარა ჯავახეთიდან ბოდბემდე (სიღნაღი), სადაც ის დაკრძალულია.
ქართული ეკლესია წმინდა ნინოს დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1 ივნისს (19), მისი საქართველოში ჩამოსვლის დღეს და 27 იანვარს (14), მისი გარდაცვალების დღეს.
წმინდა ნინოს ცხოვრება
წმინდა ნინო დაახლოებით 280 წელს დაიბადა კაბადოკიაში, ქრისტიანთა ოჯახში. ნინო ოჯახის ერთადერთი შვილი იყო. მამა — ზაბულონი, წმინდა გიორგის თანამოქალაქე და სამხედრო პირი იყო, დედა — სოსანა იერუსალიმის პატრიარქის იუბენალის და იყო.
საქართველოს მიწაზე ფეხი წმინდა ნინომ 319 წელს დადგა. საქართველოში იმ დროს მირიან მეფე მეფობდა, სატახტო ქალაქი მცხეთა იყო და ერი კერპთაყვანისმცემლობას მისდევდა.
ნინო ჯავახეთის მთებით შემოვიდა ფარავნის ტბასთან ორი დღე შეჩერდა და მეთევზურთაგან მირთმეული საკვებით ძალა მოიკრიბა. დასასვენებლად მიწაზე მიწოლილს ძილში ბრწყინვალე კაცი ეჩვენა, რომელმაც დაბეჭდილი წერილი მისცა და უთხრა, რომ წერილი წარმართთა მეფისთვის მიერთმია, რადგანაც ამისთვის იყო მოვლენილი. წერილის თავში რომაულად იესოს სახელი ეწერა და, როგორც მოსეს ქვის ფიცრებზე, ათი სიტყვა იყო დაწერილი.
მცხეთაში წმინდა ნინო მაშინ მოვიდა, როდესაც ხალხი წარმართ მეფესთან ერთად მცხეთასთან ახლოს მდებარე მთაზე კერპებისთვის მსხვერპლის შესაწირად მიდიოდა. გადმოცემის თანახმად, მთავარი კერპი არმაზი იყო და მას გვერდებზე ორი შედარებით პატარა კერპის ქანდაკება ჰქონდა მიდგმული — გაც და გაი. როდესაც წმინდანს დაუნახავს ამდენი ხალხი როგორ ემორჩილებოდა უსულო, წარმართულ ღმერთებს, თვალცრემლიანს ლოცვა დაუწყია უფლის წინაშე. წმინდანის ლოცვით ცა მოქუფრულა, საშინელი წვიმა და სეტყვა წამოსულა და სრულად დამსხვრეულა წარმართული კერპები. წმინდა ნინო ქალაქ მცხეთაში, მეფის მებაღის ცოლთან დასახლდა. ხშირად ლოცულობდა და მისი ლოცვით უფალი მრავალ სასწაულს უვლენდა მოსახლეობას, მრავალი სნეული განიკურნა, უშვილო ოჯახებს შვილი მიეცათ.
ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, წმინდა ნინოს საფლავზე, როგორც საფლავის ძეგლი, დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი – მე 9 საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა. წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი კი თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება.