
„მოქალაქეობის შეწყვეტის მიზეზი შესაძლოა, იყოს საკმაოდ სამართლიანი, ან პირიქით, უკიდურესად უსამართლო”, – ამის შესახებ IDFI-ის იურისტმა გიორგი დავითურმა „ბიზნესპრესნიუსთან” ისაუბრა.
მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, რომ პირს მოქალაქეობა ჩამოართვას, ამით ის წყვეტს ყველა სამართლებრივ კავშირს მასთან და ექცევა ისე, როგორც უცხოელს.
ამასთან, გიორგი დავითური ამბობს, რომ მოქალაქეობა ჩამორთმეულ პირს ეზღუდება ყველა კონსტიტუციური უფლება, ასევე, არჩევნებში მონაწილეობის და საკუთრების უფლება.
„პირს, რომელსაც ჩამოართმევენ მოქალაქეობას, მას ერთმევა ყველა ის უფლება, რომელიც კონსტიტუციურად აქვს მინიჭებული. დაწყებული პოლიტიკური უფლებებიდან, როგორიც არის არჩევნებში მონაწილეობა, გაგრძელებული იმ უფლებრივი ასპექტებით, რომელიც მას როგორც საქართველოს მოქალაქეს აქვს.
ვსაუბრობ, კონსტიტუციურ უფლებათა მთელ სპექტრზე. მაგალითად, საკუთრების უფლება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის შეძენაზე შეზღუდვა და ა.შ. მაგრამ, ყველაზე მთავარი რაც არის, როდესაც პირს საქართველოს მოქალაქეობა უუქმდება, ის გადის საქართველოს დაცვის სტატუსიდან ანუ, ნებისმიერი სახელმწიფო მფარველობს თავის მოქალაქეებს. სხვანაირად რომ ვთქვათ, მოქალაქის უფლების დაცვის მთავარი გარანტი არის სახელმწიფო და ის ვალდებულია,
რომ საკუთარი მოქალაქე დაიცვას. მაგალითად, გადაადგილების, თუ ცხოვრების უფლება საქართველოს მოქალაქეს ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩამოერთმევა, მაგრამ არამოქალაქისთვის მსგავსი საკითხები და მისი უფლებები არის ჰაერში. საერთოდაც, არამოქალაქე რომ შემოვიდეს ქვეყანაში და აქ იცხოვროს, ესეც კი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
მარტივად რომ ვთქვათ, საქართველოს მოქალაქეობა ეს არის პირის სამართლებრივი კავშირი სახელმწიფოსთან, მოქალაქეობის ჩამორთმევით ეს სამართლებრივი კავშირი წყდება და ავტომატურად იხსნება გარკვეული უფლებები და ვალდებულებები, რაც სახელმწიფოს კონკრეტული ადამიანების წინაშე აკისრია,”- ამბობს გიორგი დავითური.
მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილების შემთხვევაში მართალია, საკუთრების უფლებებიც იზღუდება, თუმცა საქმე აქამდე არც დაიყვანება, როდესაც პირის ყველა კონსტიტუციური უფლების შეწყვეტაზეა საუბარი.
„როგორც იცით, სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გვაქვს შეზღუდვები. თავის დროზე, ეს „ქართული ოცნების” პოპულისტური ნაბიჯი იყო, რომ უცხოელები მიწებს გვართმევენ და ა.შ. ამიტომ, შეიზღუდა მიწის გასხვისების საკითხები. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ სასოფლო დანიშნულების მიწის შესაძენად მთავრობის ნებართვაა საჭირო. იმ შემთხვევაში თუ ვსაუბრობთ მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, ფაქტია, რომ ასეთ პირზე ნებართვა არ გაიცემა.
თუმცა, აქ საქმე საკუთრების უფლებამდე არც დაიყვანება, ამ ყველაფერში მთავარი არის ის, რომ სამართლებრივი კავშირი სახელმწიფოსა და კონკრეტულ პირს შორის წყდება და სახელმწიფო მას ეპყრობა როგორც უცხოელს. მოქალაქეობის შეწყვეტის მიზეზი შესაძლოა, იყოს საკმაოდ სამართლიანი, ან პირიქით, უკიდურესად უსამართლო,” – ამბობს გიორგი დავითური.
წყარო bpn.ge