
სოფელ ხულგუმოს მაცხოვრებელი ვიქტორ მურადიანი ექვსი თვეა, რაც საკუთარი მიწის დაჭაობებას ებრძვის. მის მიწაზე გამავალ წყლის მილში ავარია მოხდა, რის გამოც თვეების განმავლობაში სასმელი წყალი უაზროდ მიედინება მინდორში. მიწა უკვე ჭაობად არის ქცეული, რაც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს შეუძლებელს ხდის.
სანამ Jnews-ი ამ მასალაზე მუშაობდა და პასუხისმგებელი უწყებებისგან პასუხების მიღებას ცდილობდა, 24 მაისს, სოფელ ხულგუმოში ჩვენი ვიზიტიდან ორი დღის შემდეგ, ახალქალაქის მომსახურების ცენტრმა ავარიის აღმოსაფხვრელად სამუშაოები ჩაატარა. თუმცა, ვიქტორ მურადიანი მიიჩნევდა, რომ სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
ავარია მოხდა აბლარიდან დილისკამდე მიმავალ მთავარ წყალსადენზე, რომელიც სოფელ დილისკას სასმელი წყლით ამარაგებს. ეს წყალსადენი ვიქტორის მინდორზე გადის.
„ჯერ კიდევ ოქტომბერში შევამჩნიე ნესტი. თავიდან ცოტა იყო, მერე მოიმატა, მთელი ტერიტორია წყალმა დაფარა. ახლა ტექნიკა ვერ შედის მინდორში. კარტოფილიც სარდაფში ფუჭდება“, — ამბობს ვიქტორ მურადიანი.
ამ ავარიის გამო, ვიქტორის თქმით, 8 არ მიწის ნაკვეთი დასამუშავებლად უვარგისია. სოფელ ხულგუმოს მაცხოვრებელი ჰკითხულობს- ვინ უნდა აანაზღაუროს ზარალი?
ახალქალაქის მერის წარმომადგენელმა სოფელ ხულგუმოში მოვსეს გიგოლიანმა 28 მაისს Jnews-თან სატელეფონო საუბრისას ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა:
„როდესაც ავარიის შესახებ გავიგე, ახალქალაქის წყალმომარაგების მომსახურების ცენტრს შევატყობინე. ავარიის შეკეთებას დამპირდნენ, მაგრამ შემოდგომაზე არ გააკეთეს, იმ მიზეზით, რომ უკვე თოვლი იყო და მუშაობა შეუძლებელი იყო. 2 მაისს ხელახლა მივმართე, მითხრეს, რომ ნინოწმინდაში მათი ტექნიკა მუშაობდა და ავარიას მომდევნო რამდენიმე დღეში გამოასწორებდნენ, მაგრამ არ გამოასწორეს, ამის შემდეგ გავიგე, რომ ტექნიკა გაფუჭდა. პრობლემის შესახებ დილისკას დეპუტატსაც კი ვაცნობე, რათა მათაც შეეტანათ განაცხადი. არ ვიცი, რატომ არ აკეთებენ ამას, სხვა შემთხვევებიც ყოფილა, როცა სწრაფად შეაკეთეს. ფაქტობრივად, ვიქტორის მიწის ნაკვეთი ყოველდღე უფრო და უფრო ღრმად იძირება წყალში.“
ვიქტორმა დაუკავშირდა ახალქალაქის მერის წარმომადგენელს სოფელ ხულგუმოში და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის სერვის ცენტრს, თუმცა მაისის ბოლომდე პასუხის არ მიღების შემდეგ, გადაწყვიტა, Jnews-ის რედაქციას დაკავშირებოდა.
22 მაისს Jnews-ის ჟურნალისტი იმყოფებოდა სოფელ ხულგუმოში და ადგილზე დააფიქსირა მიწის ნაკვეთის დაჭაობება, რის შემდეგაც მივმართეთ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის მომსახურების ცენტრს, საიდანაც გვიპასუხეს, რომ ინტერვიუს მიცემის უფლება არ აქვთ. ვცადეთ პრობლემის შესახებ განმარტებები მიგვეღო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ცენტრიდან, თუმცა გვთხოვეს კითხვები წერილობით გაგვეგზავნა.
29 მაისს, Jnews-მა კვლავ დარეკა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ცხელ ხაზზე. ოპერატორმა დაგვპირდა, რომ ინფორმაციას შესაბამის უწყებებს გადასცემდა.
ამის შემდეგ Jnews-ი დაუკავშირდა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელს, გიორგი ვახტანგაშვილს, რომელმაც ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაგვადანაშაულა. ის ამტკიცებდა, რომ ავარია აღმოფხვრილი იყო. Jnews-ი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ვიქტორ მურადიანს და გაირკვა, რომ 24 მაისს წყალმომარაგების ახალქალაქის მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა ავარიის შესასწორებელი სამუშაოები შეასრულეს.
ფოტო გადაღებულია 24 მაისს ვიქტორ მურადიანის მიერ
თუმცა, ვიქტორ მურადიანის თქმით, სამუშაოები ბოლომდე არ არის შესრულებული.
„მეეჭვება, რომ პრობლემა აღმოფხვრილია, რადგან მოვიდნენ, გათხარეს, მაგრამ ორმო არ დაფარეს“, — თქვა ვიქტორმა.
მან ასევე დაამატა, რომ რადგან ავარიის აღმოფხვრის სამუშაოები დაგვიანებულია, თესვას ვეღარ მოასწრებს.
გევორგ ჯანოიან