
რა პრობლემების წინაშე დგანან სტუდენტები დედაქალაქში, როგორ უმკლავდებიან მათ? ამ და სხვა შეკითხვებზე Jnews-მა ესაუბრა მოსამზადებელი კურსის სტუდენტებს, რომლებიც უკვე ერთი წელია თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.
ალბინა შირინიანი ახალქალაქის რაიონის სოფელ ბავრიდანაა. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ენის მოსამზადებელ კურსზე სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში საკმაოდ კარგად ფლობდა ქართულს, დედაქალაქში სწავლის დროს ენობრივ ბარფიერთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა.
„ბევრ სკოლას არ ჰყავს საკმარისი კვალიფიციური ქართული ენის მასწავლებლები. ზოგიერთ მასწავლებელს თავად არ აქვს ენის კარგი ცოდნა ან არ აქვს გამოცდილება ბავშვებისთვის უცხო ენის სწავლებაში. სკოლაში განსაკუთრებით კარგად ვსწავლობდი წერასა და გრამატიკას, მაგრამ კომუნიკაციის პრობლემა მქონდა. რადგან ჩემს გარშემო ყველა სომხურ ენაზე საუბრობდა, იშვიათად ვიყენებდი ქართულს სასაუბრო დონეზე“, – ამბობს ალბინა შირინიანი.
ალბინა ამბობს, რომ პროფესიის არჩევა საკმაოდ რთული და ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. ყველამ უნდა აირჩიოს გზა, რომელიც მის ინტერესებსა და შესაძლებლობებს შეესაბამება.
„ბევრ სტუდენტს სწავლის პარალელურად მუშაობა უწევს, რაც ზოგჯერ დატვირთვის გამო მათ განვითარრებაზე მოქმედებს. მეც ვმუშაობ, მაგრამ სახლიდან. ეს მაძლევს შესაძლებლობას, სწავლა და სამსახური გავაერთიანო, ასევე, ჩემი ფინანსური საჭიროებებიც დავიკმაყოფილო. გრაფიკული დიზაინით ვარ დაკავებული“, – ყვება ალბინა შირინიანი სწავლის პირველი წლის სირთულეებზე.
ალბინას ისტორია ადასტურებს, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა სჭირდებათ, როგორც ენობრივი ინტეგრაციის, პროფესიული ორიენტაციის, ასევე სოციალური უზრუნველყოფის თვალსაზრისით. სახელმწიფო დონეზე რეფორმების გარდა, მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამ საკითხების გააზრება.
ალბინა დღესაც აგრძელებს წარმატებას, მიუხედავად გამოწვევებისა. მისი მონდომება შეიძლება მაგალითი იყოს ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვინც განათლების გზით ცდილობს შეზღუდვების გადალახვას და საკუთარი ოცნებების ასრულებას.
ანი სანდროსიანი წარმოშობით ახალქალაქის რაიონის სოფელ დადეშიდან არის. მან საშუალო განათლება სოფლის საჯარო სკოლაში მიიღო. სკოლის დამთავრების შემდეგ გადაწყვიტა სწავლის გაგრძელება თბილისში- ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე.
თუმცა, დედაქალაქში გადასვლამ არა მხოლოდ ახალი შესაძლებლობები, არამედ მთელი რიგი გამოწვევებიც მოიტანა. ანისაც, ჯავახელი სომეხი სტუდენტების მსგავსად, სირთულეების წინაშე დგომა უწევს, რომლებიც ძირითადად სოციალურ-ეკონომიკურ და ენობრივ საკითხებს უკავშირდება.
„თბილისში სწავლის ძირითადი პრობლემები ფინანსურია. სწავლის საფასური, საცხოვრებელი ხარჯები და ყოველდღიური საჭიროებები ბევრი სტუდენტისთვის მძიმე ტვირთად იქცევა. გარდა ამისა, სწავლის პერიოდში დროებითი სამუშაოს პოვნაც რთულია, რადგან ბევრი ჩვენგანი ბოლომდე არ ფლობს ქართულ ენას და შრომის ბაზარი კონკურენტუნარიანია“, – აღნიშნავს ანი სანდროსიანი.
მატერიალურ პრობლემებთან ერთად, მნიშვნელოვანია ინფორმაციის ნაკლებობაც. ბევრ სტუდენტს არ აქვს ინფორმაცია სტიპენდიების პროგრამების, სოციალური დახმარების ან სტუდენტური უფლებების შესახებ, რაც ხშირად ჩიხში შეჰყავს ისინი. ენობრივი ბარიერებიც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება.
„ენა ნორმალურად მესმის, მაგრამ ზოგიერთი სიტყვის აღქმა მიჭირს. სომხურ სკოლაში ვსწავლობდი და კვირაში მხოლოდ რამდენიმე საათი გვქონდა ქართული ენის გაკვეთილები. ვფიქრობ, ეს პრობლემა თითქმის ყველა ჯავახელი სომეხი სტუდენტისთვისაა დამახასიათებელი. ენის არცოდნა ხელს გვიშლის არა მხოლოდ გაკვეთილებში მონაწილეობას, არამედ დოკუმენტებთან დაკავშირებულ საკითხებში, სამსახურში და ზოგადად, ახალ გარემოში ინტეგრაციას“, – ხაზს უსვამს ანი.
სტუდენტობა თბილისში, უდავოდ, ბევრი ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ნაბიჯია, თუმცა მათი ისტორიები მოწმობს, რომ წარმატებისკენ მიმავალი გზა არა მხოლოდ პირად ძალისხმევას, არამედ სისტემურ მხარდაჭერასაც მოითხოვს ენობრივ, ფინანსურ და ინფორმაციულ დონეზე.
ალა ანტონიანი ახალქალაქის რაიონის სოფელ პატარა სამსარიდან არის. სოფლის საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ, ალამ მომავლის გზა აირჩია- მას სურს ინგლისური ენის ფილოლოგი გახდეს. თუმცა, თბილისში ჩასვლისთანავე პირველივე დაბრკოლებას წააწყდა.
„როდესაც პირველად ჩამოვედი თბილისში, ქართულ ენას კარგად ვფლობდი. ამის გამო, კომუნიკაციას ვერიდებოდი. ენობრივი ბარიერი ნამდვილი დაბრკოლება იყო. ახლა კი, დიდი ძალისხმევის შემდეგ, უკვე შემიძლია ქართულად მეტყველობა“, – ამბობს ის.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი გმირი სკოლაში ქართული ენას სწავლობდა, მისი სასაუბრო უნარების ნაკლებობა შესამჩნევი ყოფილა.
„ჩვენ არ გვქონდა ქართულენოვანი გარემო, ამიტომ ენის გამოყენების შესაძლებლობა არ იყო. აქ კი, როდესაც ყოველ ნაბიჯზე ქართველებთან კომუნიკაცია გაქვს, ენის არცოდნა კიდევ უფრო აშკარა ხდება“, – ამბობს ალა.
ამჟამად ის მოსამზადებელ კურსებზე დადის, მაგრამ იქაც კი ენობრივი უნარები გადამწყვეტ როლს თამაშობს.
„ უნდა შეძლო აზრების ქართულად გამოხატვა, თუნდაც თემა რთული იყოს. ზოგჯერ ვსაუბრობთ, ზოგჯერ გვესმის, მაგრამ მაინც რთულია თავისუფლად საუბარი“, – დაამატა ის.
ალა ამჟამად უმუშევარია. მისი პრიორიტეტი სწავლა და ენის დაუფლებაა.
„მსურს მთლიანად ქართულ ენაზე გავამახვილო ყურადღება, რადგან მომავალში ვაპირებ შევისწავლო პროფესია, რომელიც ქართულ ენით ისწავლება“, – ამბობს ის თავდაჯერებულად.
ჩვენი გმირების ისტორია ნებისმიერი დაბრკოლების დაძლევის უნიკალური მაგალითია, ისევე როგორც მარტივი და ძლიერი გზავნილი- თუ შენი მიზანი ნათელია, მაშინ ნებისმიერი დაბრკოლების დაძლევა შესაძლებელია.
გევორგ ჯანოიან