
არმინე ზოფუნიანმა ახლობლებთან ერთად ახალქალაქში საბავშვო გასართობი ცენტრი „Happy Zone “ გახსნა, რომელიც ატრაქციონებსა და კაფეს აერთიანებს.
პროექტი განხორციელდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით — ორგანიზაცია HEKS/EPER Georgia-ს მიერ განხორციელებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანასწორი და სრული მონაწილეობისთვის“ ფარგლებში მიღებული გრანტის მეშვეობით.
არმინე ზოფუნიანი დიდი ხნის განმავლობაში ოცნებობდა ბავშვებისთვის გასართობი სივრცის შექმნაზე, მაგრამ ფინანსური რესურსების არარსებობის გამო
იდეის რეალიზებას ჯერ ვერ ახერხებდა.
„დიდი ხანია მინდოდა საბავშვო ცენტრის გახსნა, მაგრამ სულ ვაჭიანურებდი – ფული არ მქონდა. 2023 წელს გავიგე, რომ ორგანიზაცია HEKS/EPER Georgia
გრანტებს გასცემდა. საგრანტო კონკურსის შესახებ ახალქალაქში პროექტის თანამშრომლების მიერ გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე შევიტყვე და
განაცხადის შეტანა გადავწყვიტეთ. გავიარეთ ტრენინგი და საბოლოოდ, გრანტი მოვიპოვეთ. რა თქმა უნდა, ჩვენც ჩავდეთ საკუთარი სახსრები, მაგრამ
ორგანიზაციის დახმარება გადამწყვეტი იყო. თანხა მნიშვნელოვანი იყო და ასეთი დიდი კრედიტის აღება რისკს წარმოადგენდა. საბედნიეროდ, ყველაფერი
გამოვიდა“, — ამბობს არმინე.
გრანტების კონკურსი მიმდინარეობდა პროექტის ერთერთი კომპონენტის „ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა“ ფარგლებში. სამცხე-
ჯავახეთის სამი მუნციპალიტეტიდან მონაწილეობდა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელბი.
შემდგომ ეტაპზე HEKS/EPER Georgia-მ ბენეფიციარებისთვის ჩაატარა ტრენინგები ბიზნესგეგმის შედგენასა და DCFTA-ს საკითხებზე. ტრენინგების
შემდეგ არმინემ და სხვა მონაწილეებმა წარმოადგინეს საკუთარი ბიზნესპროექტები. კონკურსის დასრულების შემდეგ დაიწყო გამარჯვებული
პროექტების განხორციელება.
ცენტრს სახელად „Happy Zone“ ეწოდა, რადგან მისი მიზანია ბავშვებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) სიხარულისა და ბედნიერების მინიჭება. ცენტრში
განთავსებულია კაფე, საბავშვო ლაბირინთი და ატრაქციონები. გრანტის განაცხადის შეტანის მომენტში ახალქალაქში მსგავსი ტიპის ცენტრი არ
არსებობდა, თუმცა ერთი წლის წინ კიდევ ერთი ადგილი გაიხსნა. მიუხედავად ამისა, არმინე ამბობს, რომ მოთხოვნა დიდია და წარმატებაში ეჭვი არ ეპარება.
პროექტი თანადაფინანსების პრინციპით განხორციელდა: გასართობი ცენტრის ბიზნესპროექტის საერთო ღირებულება შეადგენდა 52,945 ლარს. აქედან 25,928
ლარი ბენეფიციარმა მიიღო გრანტის სახით ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ხოლო დარჩენილი 27,017 ლარი თანამონაწილეობის
სახით თავად დაფარა. საგრანტო კონკურსის პირობების მიხედვით, ბენეფიციარის მინიმალური თანამონაწილეობა 50% იყო, თუმცა არმინეს თქმით,
პრაქტიკაში მათი წვლილი 100%ს აღემატებოდა. მიღებული თანხით შეისყიდეს ექვსი ატრაქციონი, მათ შორის ლაბირინთი და საჭირო ტექნიკა.
„პროექტის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, დაათვალიერეს შენობა, დარწმუნდნენ, რომ შესაფერისი პირობები გვქონდა და მხოლოდ ამის შემდეგ
დაამტკიცეს დაფინანსება“, — ამბობს ის.
„Happy Zone“ საოჯახო ბიზნესია — ამ ეტაპზე ცენტრში 4–5 ადამიანი მუშაობს. არმინე და მისი ოჯახის წევრები დამოუკიდებლად მართავენ საქმიანობას, თუმცა მომავალში გეგმავენ თანამშრომლის აყვანას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ბავშვების უსაფრთხო და ორგანიზებულ გართობაზე.
„ბავშვების უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. ახლა ჩვენ თვითონ ვუვლით თავს, მაგრამ გვინდა თანამშრომელი ავიყვანოთ. დარწმუნებული ვარ,
ყველაფერი კარგად იქნება. ყოველი ღონისძიების შემდეგ უფრო და უფრო მეტი კლიენტი გვყავს. მშობლებს შეუძლიათ მშვიდად დაისვენონ მაგიდებთან, სანამ
ბავშვები თამაშობენ. ჩვენ გვაქვს მისაღები ფასები და გვჯერა, რომ ჩვენი ბიზნესი წარმატებული იქნება“, — ამბობს არმინე ზოფუნიანი.
საბავშვო გასართობი ცენტრის „Happy Zone“ გახსნა არ იყო მხოლოდ ერთი ოჯახის ოცნების ასრულება. ეს პროექტი მნიშვნელოვანი წვლილია ახალქალაქში
ბავშვთა გასართობი ინფრასტრუქტურის განვითარებაში. არმინეს სჯერა, რომ წინ კიდევ ბევრი სიხარული, ზრდა და წარმატება ელით.
ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია ააიპ “ღია საზღვრები“და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.
პუბლიკაცია შექმნილია „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ დაპოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდებაევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით HEKS/EPER Georgia-ის მიერ.