დღეს, 27 მაისს, ახალქალაქში, საზოგადოება „კავკასიური ოჯახის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდებსა და ნიდერლანდების ელჩ მელინე არაქელიანსა და საფრანგეთის ელჩ შერაზ გასრის შორის.

ელჩები ახალქალაქისა და ნინოწმინდის აქტიურ ახალგაზრდებს შეხვდნენ.

შეხვედრისას წარმოდგენილი იყო ორი პროექტი, რომელთა ავტორებმაც ისაუბრეს შესრულებული სამუშაოებისა და საკუთარი მიზნების შესახებ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური სახლის“ ხელმძღვანელმა ირაკლი ირემაძემ და ორგანიზაციის პრეზიდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ მოკლედ წარმოადგინეს ორგანიზაციის საქმიანობის ისტორია და ასევე ისაუბრეს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისკენ მიმართულ პროგრამებზე.

ელჩებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას და გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება.

მათ აღნიშნეს, რომ თავადაც იყვნენ უმცირესობის წარმომადგენლები თავიანთ ქვეყნებში, თუმცა, სხვადასხვა სირთულის გავლის მიუხედავად, დაძლიეს ისინი და მიაღწიეს საკუთარ მიზნებს. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, მათ რჩევები მისცეს შეხვედრაზე მყოფ ახალგაზრდებსაც.

შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებს საშუალება მიეცათ, ელჩებისთვის შეკითხვები დაესვათ პროგრამების, შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ.