
უცხო ქვეყნის მოქალაქეები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იმყოფებიან, ქართულ ენას შეისწავლიან. ამის შესახებ სასჯელაღსრულების სამსახური გვაცნობებს.
მსჯავრებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის მონაცემებით, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს №2, №5 და №15 სასჯელაღსრულების დაწესებულებების 77 მსჯავრდებული.
პროგრამა პატიმრებს ქართული ენის შესწავლის, ქართული ენის ცოდნის დონის ამაღლებისა და ენობრივ ბარიერთან დაკავშირებული სირთულეების დაძლევის შესაძლებლობას აძლევს.კურსის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს სრული შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების კურსებში, რაც მათი განვითარებისა და რესოციალიზაციის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
„ამ მიზნით, მსჯავრებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო მმართველობის სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ცენტრის დირექტორმა თამთა დემურიშვილმა და სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მზია გორგაძემ. პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.